2017-11-02

საერთაშორისო ღონისძიება „საქართველო საერთაშორისო სამართლის ჭრილში“

2 ნოემბერს, 15:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება სამდღიანი საერთაშორისო ღონისძიება „საქართველო საერთაშორისო სამართლის ჭრილში“, რომელიც ტარდება თსუ-სა და გრონინგენის უნივერსიტეტის (ნიდერლანდები) თანამშრომლობით. გრონინგენის უნივერსიტეტის დელეგაციას მასპინძლობს თსუ იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პროფესორი მარსელ ბრუსი და ამავე დეპარტამენტის აკადემიური პერსონალი.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა თსუ-ს საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის დირექტორთან, აკადემიკოს ლევან ალექსიძესთან და ინსტიტუტის პროფესორ-მასწავლელებთან, აგრეთვე თსუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და იურიდიული ფაკულტეტის დეკანთან, პროფესორ ირაკლი ბურდულთან უნივერსიტეტებს შორის სასწავლო და სამეცნიერო დარგში შემოქვედებითი თანამშრომლობის გაძლიერების, კონკრეტული ღონისძიების შემუშავების მიზნით.

სამდღიანი პროგრამის ფარგლებში გრონინგენის უნივერსიტეტის პროფესორები თსუ-ის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის პროფესორებთან და დოქტორანტებთან ერთად წარადგენენ ერთობლივ მოხსენებებს საერთაშორისო სამართლის აქტუალურ თემებზე. პანელური დისკუსიების დროს ასევე სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა წარადგინონ თავიანთი მოკლე პრეზენტაციები განსახილველ თემატიკასთან დაკავშირებით.

დასწრება თავისუფალია, სამუშაო ენა - ინგლისური.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 107-ე აუდიტორია



« იხ. ყველა ანონსი