2011-12-15

მიგრაციის კვირეული თსუ–ში

15 დეკემბერს, 15:00 საათზე  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება შეხვედრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის  თავმჯდომარის მოადგილეს -  გიორგი გაბრიელაშვილისა და მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომიისიის წარმომადგენლებთან. შეხვედრის ფარგლებში ისინი სტუდენტებს გააცნობენ სამოქალაქო რეესტრის რეფორმას, 2004-2011 წლებში საქართველოდან მიგრაციის სტატისტიკასა და ტენდენციებს, ასევე, ისაუბრებენ მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიიის მუშაობასა და ფუნქციების შესახებ, უპასუხებენ სტუდენტებისთვის საინტერესო შეკითხვებს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის საგარეო სამსახური ახორციელებს  მიგრანტთა საერთაშორისო დღისადმი (18 დეკემბერი) მიძღვნილ ღონისძიებას - მიგრაციის კვირეულს. პროექტი მიზანად ისახავს სტუდენტთა ცნობიერების ამაღლებას მიგრაციის თემაზე და მათთვის საქართველოში მიგრაციის ტენდენციებისა და მიგრანტთა მდგომარეობის გაცნობას.

კვირეულის ფარგლებში  გაიმართება შეხვედრები საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთანაც (გაეროს ასოციაცია, მიგრანტთა საერთაშორისო ორგანიზაცია), რომლებიც ამომწურავად ისაუბრებენ მიგრაციის სოციალურ, ეკონომიკურ თუ იურიდიულ ასპექტებზე.  ასევე,  სტუდენტებისთვის გაიმართება კინოჩვენება მიგრაციის თემაზე.  

მისამართი: თსუ-ის მეორე კორპუსი, პირველი სართული, სისხლის სამართლის მიმართულების ბიბლიოთეკა.

« იხ. ყველა ანონსი