2017-10-05
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ინოვაციური კვლევები
5 ოქტომბერს, 11.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ინოვაციური კვლევების გამოფენა. ღონისძიებას სტუდენტები, პროფესორები, მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.
ექსპოზიციაში წარმოდგენილი იქნება ბუკლეტები, რომელშიც ასახულია კვლევის ინოვაციურობა, გამოყენებული კვლევის მეთოდოლოგია, ჩატარების პროცედურები და მიღებული შედეგები. აგრეთვე, მოეწყობა ამ პროექტების ვიდეოპრეზენტაცია. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება შემდეგი ინოვაციური კვლევები: „ქალთა შრომითი მიგრაცია: სოციალურ–ეკონომიკური გავლენა მიგრანტთა ოჯახებზე საქართველოში“ (გიორგი გოგსაძე, ია იაშვილი); „საქართველოს მცირე ქალაქებისა და სასოფლო დასახლებების საცხოვრებელი სექტორის (შინამეურნეობების) ენერგომოხმარების სტრუქტურის სივრცობრივი ანალიზი“ (ვალერიან მელიქიძე, გიორგი ლეკვეიშვილი); „საქართველოს საპორტო ქალაქების სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობა. განვითარების პრობლემები და პერსპექტივები: საპორტო ქალაქ ფოთის მაგალითზე“ (თამარ დოლბაია, გიორგი კვინიკაძე); „ახალი და ძველი ტიპის განაშენიანების მობინადრეთა ტერიტორიული იდენტობა (თბილისის მაგალითზე)“ (თეონა მატარაძე, რევაზ ჯორბენაძე). პროექტების წარმომადგენლები დაინტერესებულ პირებს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან კვლევითი პროექტის შესახებ.
მსგავსი პროექტების საუნივერსიტეტო სივრცეში განხორციელება კვლევის ზედმიწევნით ზუსტ განხორციელებას, ინოვაციური, კვლევის საკითხზე მორგებული მეთოდოლოგიის შემუშავებას და კვლევითი ხარჯების მინიმალიზაციას შეუწყობს ხელს, რაც შეიძლება კერძო, საჯარო და არასამთავრობო სექტორმა წარმატებით გამოიყენოს.
2015 წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყო სამეცნიერო კვლევითი პროექტების დაფინანსება, რათა ხელი შეეწყოს მეცნიერების განვითარებას და ამ პროცესში სტუდენტების ჩართულობას. 2015-2016 წლებში სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე განხორციელდა რამდენიმე სამეცნიერო-კვლევითი პროექტი, რომელთა წარმოდგენა მოხდება თბილისის მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალზე გამოფენის სახით. გამოფენაზე იქნება პროექტის წარმომადგენლები, რომლებიც დაინტერესებულ პირებს უფრო დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის კვლევითი პროექტის შესახებ და გაესაუბრება მოცემული ტიპის კვლევების სხვა კონტექსტსა და თემატიკაზე მორგების შესაძლებლობებზე.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე აუდიტორია