2015-11-04

მისია 2015 - სტუდენტური კონკურსი მარკეტინგსა და პიარში

4 ნოემბერს, 12:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური კონკურსის - „მისია 2015“  პრეზენტაცია გაიმართება. წელს პროექტის პარტნიორი კომპანია „თიბისი“ ბანკი იქნება. პრეზენტაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა და თიბისი ბანკის საგარეო ურთიერთობებისა და მედია კომუნიკაციების დირექტორი თამარ კირვალიძე დაესწრებიან.

პრეზენტაციაზე ყველა დაინტერესებულ სტუდენტს შესაძლებლობა ექნება მიიღოს ინფორმაცია კონკურსის სტრუქტურისა და წესების შესახებ, ასევე მოისმინოს კონკურსის პირველი დავალება. პარტნიორი კომპანიის გადაწყვეტილებით ელექტრონული წიგნების სახლი "საბა" კონკურსის ყველა მონაწილეს საჩუქრად 10 ელ.წიგნს გადასცემს. 

თსუ-ს სტუდენტური კონკურსი მარკეტინგსა და პიარში - “მისია“ უნივერსიტეტის ყოველწლიური პროექტია, რომელსაც უნივერსიტეტი და წარმატებული ქართული ბრენდი ერთობლივად ახორციელებენ. ყოველწლიურად კონკურსის მონაწილე ბრენდი იცვლება და კონკურსანტები ახალ იდეებს ახალი პარტნიორისთვის ქმნიან. 

კონკურსის მიზანია სტუდენტების ახალი იდეების განხორციელებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, კონკურსის გამარჯვებული სტუდენტების პარტნიორ კომპანიასთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა და სამომავლო დასაქმების პერსპექტივის ზრდა. კონკურსანტებს საშუალება ეძლევათ გახდნენ კომპანიის მარკეტინგისა და პიარის ვირტუალური მენეჯერები, დაგეგმონ კონკრეტული აქტივობები, გაიმარჯვონ კონკურსში, მოიპოვონ ფულადი პრემია და განახორციელონ თავიანთი იდეები. 

კონკურსი ორ ეტაპად ხორციელდება: პირველ ტურში მონაწილეები უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებულ დავალებას ასრულებენ, წელს მონაწილეებს წიგნის მაღაზიათა ქსელის  „Scripta manent“  საკომუნიკაციო სტრატეგია 2015-ის მომზადება მოუწევთ,  ხოლო მეორე ტურში ფინალისტი გუნდები პარტნიორი ბრენდის დავალებაზე იმუშავებენ. 

კონკურსის საპრიზო ფონდი 5000 ლარს შეადგენს, რომელსაც გამარჯვებულ სამეულს თიბისი ბანკი გადასცემს:

I ადგილი - 2500 ლარი
II ადგილი - 1500 ლარი
III ადგილი - 1000 ლარი

კონკურსი წელს მეხუთედ ჩატარდება. ოთხი წლის განმავლობაში სტუდენტურ კონკურსში მონაწილეობა უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის 200-მა გუნდმა მიიღო. გასულ წლებში კონკურსის პარტნიორი კომპანიები იყვნენ: „IDS ბორჯომი საქართველო“, „გეოპლანტი“, „ნატახტარი“ და „სანტე“.

მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, აუდიტორია #115

« იხ. ყველა ანონსი