2014-04-07

ივანე ჯავახიშვილის სახელობის საერთაშორისო სამეცნიერო პრემიის გადაცემა თსუ-ში

7 აპრილს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის (გერმანია)  უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვევა რექტორის, თსუ საპატიო დოქტორის, პროფესორ კლაუს დიკეს  ხელმძღვანელობით. დელეგაციის  წევრები შეხვედრებს გამართავენ თსუ რექტორთან, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავასთან, თსუ აკადემიური  წრეების წარმომადგენლებთან.

ვიზიტის ფარგლებში 7 აპრილს, 12.00 საათზე  თსუ რექტორი პროფესორ კლაუს დიკეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის საერთაშორისო სამეცნიერო პრემიის პირველი მფლობელის, ცნობილი ქართველოლოგის და ენათმეცნიერის, იენის უნივერსიტეტის (გერმანია) პროფესორის ჰაინც ფენრიხის ივ. ჯავახიშვილის მედალს და დიპლომს გადასცემს. ღონისძიებას თსუ აკადემიური და მრჩეველთა საბჭოების წარმომადგენლები,  პროფესორები და სტუდენტები დაესწრებიან.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას ინიციატივით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის საერთაშორისო სამეცნიერო პრემიის  მოსაპოვებლად კონკურსი 2013 წლის 26 დეკემბერს გამოცხადდა. პრემია ქართველოლოგიაში განსაკუთრებული ღვაწლისთვის 2 წელიწადში ერთხელ გაიცემა.

 საუნივერსიტეტო საპრემიო კომისიის გადაწყვეტილებით, 2014 წელს  სამეცნიერო პრემია პროფესორ ჰაინც ფენრიხს ქართველოლოგიაში განსაკუთრებული ღვაწლისთვის  მიენიჭა. მეცნიერს  საერთაშორისო სამეცნიერო პრემიის დიპლომი, ივ. ჯავახიშვილის მედალი და  20 000 ლარის ოდენობით თანხა გადაეცემა.

პრემიის ლაურეატმა პროფესორმა ფენრიხმა სამადლობელი წერილი გამოუგზავნა თსუ რექტორს ვლადიმერ პაპავას. „ეს პრემია მე კი არა, ქართველებს გეკუთვნით, რადგანაც ყველაფერი, რაც ქართველოლოგიისა და კავკასიოლოგიის დარგში გავაკეთე, ქართველების დამსახურებაა. მუდამ ვიქნები ქართველი ერისა და ქართული კულტურის თაყვანისმცემელი“ - წერს პროფესორი ჰაინც ფენრიხი.

გერმანელი ენათმეცნიერი, პროფესორი ჰაინც ფენრიხი ცნობილი ქართველოლოგი და კავკასიოლოგია. მან 1971 წელს თსუ-ში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, არჩეულია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის უცხოელ წევრად. იგი არის  ჟურნალ „გეორგიკას“ დამაარსებელი და რედაქტორი.

ჰაინც ფეინრიხი მრავალი წლის განმავლობაში იენის უნივერსიტეტში ხელმძღვანელობდა კავკასიოლოგიის, კერძოდ, ქართველოლოგიის მიმართულებას. იგი დღემდე მრავალმხრივ მოღვაწეობას ეწევა გერმანიაში ქართული ენისა და კულტურის პროპაგანდისათვის. მისი წიგნები მოიცავს ქართული კულტურის თითქმის ყველა სფეროს. პროფესორმა ფეინრიხმა გერმანულ ენაზე გამოაქვეყნა ქართული ლიტერატურის ისტორიის, საქართველოს ისტორიის, ქართული მითოლოგიის, საქართველოს ისტორიული და კულტურული ძეგლებისადმი მიძღვნილი რამდენიმე ათეული მონოგრაფია.

განსაკუთრებით ნაყოფიერია მისი მუშაობა ქართველური და კავკასიური ენების შესწავლის საქმეში. მისი კვლევის სფერო მოიცავს ძველი და ახალი ქართული ენის გრამატიკას. ამ მხრივ, აღსანიშნავია მისი ფუნდამენტური ნაშრომები: “ქართული ენა“, ძველქართულ-გერმანული ლექსიკონი (პროფ. ზურაბ სარჯველაძის თანაავტორობით), ენათმეცნიერულ ტერმინთა ქართულ-გერმანული ლექსიკონი (პროფ. ზურაბ სარჯველაძესთან ერთად), ქართველური ენების ეტიმოლოგიური ლექსიკონი (პროფ. ზურაბ სარჯველაძის თანაავტორობით);  ასევე მრავალი ქართული ლიტერატურული ძეგლის გერმანული თარგმანი და კომენტირებული გამოცემა და მრავალი სხვა.

    
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე აუდიტორია (ჯავახიშვილის სახელობის დარბაზი)

« იხ. ყველა ანონსი