2011-02-05

4 - 5 თებერვალს თსუ-ში (II კორპუსი) გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია: ისტორიის კვლევის ახალი ტენდენციები 21-ე საუკუნის დასაწყისში: ძველი წინა აზიისა და ხმელთაშუაზღვისპირეთის გზაჯვარედინზე

კონფერენცია წარმოადგენს პროექტის “მარადიული დედაქალაქები” - უძველესი კოსმოპოლიტური ქალაქებიდან თანამედროვე მეგაპოლისებამდე” დამატებას

პროექტის სპონსორია ღია საზოგადოების ინსტიტუტის უმაღლესი განათლების მხარდამჭერი პროგრამა, რეგიონალური სემინარი უმაღლესი სწავლების სრულყოფისათვის; თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი, ჰუმანიტარული ფაკულტეტი


იმ პერიოდში, როდესაც ფერნანდ ბროდელმა დაწერა მისი ცნობილი წიგნი ხმელთაშუაზღვისპირეთის რეგიონის ისტორიის შესახებ, ფართომასშტაბური წარმონაქმნების (დროითი და სივრცითი) შესწავლას უმნიშვნელოვანესი ადგილი ეკავა მეცნიერების ყველა დარგში, განსაკუთრებით კი ჰუმანიტარიაში. ამ დროისთვის საზოგადოებრივი მეცნიერებები ეყრდნობოდნენ “მოდერნისტულ” პარადიგმას, რადგანაც ითვლებოდა, რომ მას ჰქონდა ყველაზე ეფექტური კრიტერიუმები, რომლებსაც ზუსტად შეეძლოთ ანალიტიკური მოდულების და ამ მოდულების ისტორიული ტრაექტორიების განსაზღვრა. ამ ინტელექტუალური ტრადიციის საფუძველს კი წარმოადგენდა მტკიცე რწმენა იმისა, რომ მეცნიერებაში დამკვიდრებული მოდულები არა მხოლოდ ეპისტემოლოგიურად, არამედ ონთოლოგიურადაც კანონზომიერი იყო. მაგალითად, ბროდელისთვის “გარემო”, “ინსტიტუტები და “პიროვნებები” წარმოადგენდნენ “რეალურ” და არა “გამონაგონ” მახასიათებლებს. მეორეს მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმის აღიარება, რომ “ისტორიის” წერას ჰქონდა უდიდესი ანალიტიკური პოტენციალი, რაც იძლეოდა იმის შესაძლებლობას, რომ მოდულები დაეყო ფართო და მცირემასშტაბიან მოდულებად. სწორედ ამ მიზეზის გამო არის, პირველ რიგში, რომ ბროდელის მთავარი კონცეფცია “long duree”_ს შესახებ დეტალურად შეისწავლის არა იმდენად “ცალკეულ პიროვნებებს”, არამედ მოიცავს “ინსტიტუტების” და “გარემოს” დეტალურ დიაქრონულ კვლევას.

თუმცა, გასულ ათწლეულებში აზროვნების ამ ფორმამ სერიოზული გამოცდა გაიარა და კონკრეტულ შემთხვევებში სერიოზული კრიტიკის ობიექტიც გახდა. ამავდროულად, ახალი პარადიგმის წარმოშობისთანავე, რომელიც ცნობილია “პოსტმოდერნიზმის” სახელით, დაიწყო ყურადღების გადატანა “ზოგადიდან” “კონკრეტულზე”. ამ პარადიგმული ცვლილების მიზეზები უკავშირდება თანამედროვე დამოკიდებულებას ისეთი საკითხებისადმი, როგორიცაა: 1. საზოგადოებრივ მეცნიერებებში საზოგადოებრივი მრავალფეროვნების გაცნობიერებული უარყოფა; 2. “მთელის” გაძლიერება და შესაბამისად, “ინდივიდის” “დასუსტება”; 3. ტენდენცია, რომ ანალიტიკური სიმძიმე მიმართული იყოს “გლობალური” და არა “ლოკალური” პროცესების ასახსნელად; 4. განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭება ერთი “ისტორიის” აღდგენისათვის და მრავალი “ისტორიების” არსებობის შესაძლებლობის უარყოფა; 5. რწმენა, რომ თითოეული ზემოთჩამოთვლილი ტენდენცია წარმოადგენს მეცნიერული “ობიექტურობისა” და “სიმართლის” მიღწევის გარანტიას. 21_ე საუკუნის დასაწყისში “პოსტმოდერნისტულმა” პარადიგმამ რადიკალურად განსხვავებული ტრაექტორია აირჩია. მის მთავარ მიზანს წარმოადგენს მეცნიერული კვლევისათვის   ისეთი პირობების შექმნა, რომელიც:

1. მხარს უჭერს ეპისტემოლოგიურ და ონტოლოგიურ მრავალსახეობას.
2. განიხილავს საზღვრებს, როგორც საზოგადოებრივი შეთანხმების საგანს და პრაქტიკულ შედეგს და არა წინასწარ განსაზღვრულ, შემთხვევით კონცეფციას.
3. დაბოლოს, ყურადღებას ამახვილებს საზოგადოების ცხოვრებისა და აზროვნების მოქმედებასა და დინამიკაზე და არა სტატიკაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის ფონზე “ძველი მსოფლიოს” იდეა მოითხოვს გარკვეულ მოდიფიკაციას; ზოგიერთი მეცნიერი თვითონ ტერმინის შეცვლასაც კი აუცილებლობად მიიჩნევს. კონფერენცია: “ისტორიის კვლევის ახალი ტენდენციები 21_ე საუკუნის დასაწყისში” იკვლევს სწორედ ამ საკითხს; კერძოდ, თუ რა გავლენა მოახდინა “პოსტმოდერნისტულმა” პარადიგმამ წარსულის ჩვენეულ აღქმაზე და თუ რა დონემდე უნდა დავუშვათ მისი პრინციპების (მრავალფეროვნება, დინამიკა, მობილურობა, მაკრო_სოციალური პროცესები, ურბანიზმი) მუშაობა ზოგად ისტორიაში.

ჩვენი კონფერენცია ორ სესიად მიმდინარეობს; ფართო თემატიკიდან გამომდინარე იწვევს მეცნიერებს, რომლებსაც შეუძლიათ წარმოადგინონ საკუთარი ნაშრომები, რომლებიც შეეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა: კულტურული დიფუზია და ადგილობრივი განვითარება, ლოკალური იდენტობა და გლობალური პროცესი, მსოფლიო სისტემების თეორია, დროის გეოგრაფია, მოსახლეობის გადაადგილება, ვაჭრობა და საჩუქრების გაცვლა, კუნძულისა და ხმელეთის ლანდშაფტის ურთიერთქმედება, მოგზაურობისა და ტრანსპორტის ტექნოლოგიები, კოლონიზაცია, კოლონიებისა და იმპერიების ურთიერთქმედება, სოციალური ურბანიზმის საკითხები და სხვ. მეორე სესია კიდევ უფრო განავრცობს კონფერენციის თემატიკას და მეცნიერებს სთავაზობს ინტერდისციპლინურ დებატებს.

ამ კონფერენციის მიზანია ერთად შეკრიბოს სხვადასხვა საკითხზე მომუშავე მეცნიერები, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ, ერთმანეთს გაუზიარონ სხვადასხვა თემები და პრობლემები და ასევე, ხელი შეუწყოს ფართო სპექტრის საკითხების კვლევას. გარდა ამისა, კონფერენცია იძლევა ინტერდისციპლინური ურთიერთთანამშრომლობის საუკეთესო შესაძლებლობას.

კონფერენცია ჩატარდება თბილისში, ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 2011 წლის 4-5 თებერვალს.

მოხსენებებს დაეთმობა 20 წუთი. გათვალისწინებულია დამატებითი დრო დისკუსიებისათვის. კონფერენციის მასალები დაიბეჭდება.

საორგანიზაციო კომიტეტი:

პროფესორი ეკა ავალიანი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო
პროფესორი გოჩა ცეცხლაძე, მელბურნის უნივერსიტეტი, ავსტრალია
პროფესორი ლიჯია რუსკუ, ბების-ბოლიაის უნივერსიტეტი, რუმინეთი
პროფესორი მაია ღამბაშიძე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო
პროფესორი იულიან მოგა, იასის ალ.ი კუზას უნივერსიტეტი, რუმინეთი
პროფესორი ნინო ჩიქოვანი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო
პროფესორი ბეჟან ჯავახია, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო
პროფესორი ვაჟა კიკნაძე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო

« იხ. ყველა ანონსი