2020-07-29

„ლიტჰაიკერი“-2020

29 ივლისს, 17.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის „ლიტჰაიკერის“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, ლიტერატურული კონკურსის ფინალური ეტაპის მონაწილეები, მწერლები, პროექტის წლევანდელი პარტნიორის „სულაკაურის გამომცემლობის“ წარმომადგენლები დაესწრებიან.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ამ პროექტით წიგნისმოყვარულ სტუდენტებს ლიტერატურულ სამყაროში მოგზაურობის კიდევ ერთი შესაძლებლობა მისცა. მისი მიზანია ახალგაზრდების წიგნიერების ხელშეწყობა და კონკურსის ფორმით სტუდენტებისთვის მეტი მხატვრული ლიტერატურის შეთავაზება.

წელს პირველად პროექტში 5 რეგიონული უნივერსიტეტი ჩაერთო. ლიტერატურულ კონკურსში თსუ-ს გარდა, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სამივე საფეხურის სტუდენტები მონაწილეობდნენ.

 „ლიტჰაიკერი“ თსუ სტუდენტური პროექტია, რომელიც უკვე მეხუთედ ჩატარდა. 2014 წლიდან პროექტის პარტნიორი გამომცემლობა „პალიტრა L“ იყო, ხოლო 2016 წლიდან - გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“.

პროექტის წლევანდელმა პარტნიორმა „სულაკაურის გამომცემლობამ“ კონკურსის მონაწილეებს წიგნების შეძენისას სპეციალური ფასდაკლების აქცია შესთავაზა.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსის ეზო, „ჩაის სახლი“



« იხ. ყველა ანონსი