2010-03-30

კონკურსი ”ქართული ფოლადი”-ს სტიპენდიის მოსაპოვებლად

     თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ სააქციო საზოგადოება ”ქართული ფოლადი”-ის სტიპენდია მოიპოვონ. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ბაკალავრიატის მესამე კურსის ნებისმიერ სტუდენტს, მიუხედავად მისი აკადემიური მოსწრებისა.
     კონკურსი შედგება სამი ტურისაგან, რომელთა შედეგად შეირჩევა 10 სტიპენდიატი. გამორჩეულ სტუდენტებს ერთი წლის განმავლობაში დაენიშნებათ სტიპენდია თვეში 200 ლარის ოდენობით.
     პირველი ტური გულისხმობს IQ-სა (ინტელექტ-კოეფიციენტი) და ზოგადი უნარების ტესტებს; სტუდენტებს დაურიგდებათ 30 კითხვისაგან შემდგარი ტესტი, თითოეული კითხვა ფასდება ერთი ქულით. გამსვლელი ქულაა 18.
     მეორე ტურში სტუდენტები გაეცნობიან მსოფლიოს ცნობილი ბიზნესკომპანიების განვითარების ისტორიას და შეასრულებენ კონკრეტულ დავალებას; დავალების შესასრულებლად სტუდენტებს მიეცემათ დრო 3 საათი. ამ დროის განმავლობაში კონკურსანტებმა უნდა შეასრულონ ის დავალება, რომელიც მიეწოდებათ ქეისთან ერთად. ნაშრომი ფასდება ხუთი კრიტერიუმით, თითო კრიტერიუმი ფასდება ათი ქულით. უმაღლესი შეფასებაა 50 ქულა, ხოლო გამსვლელია 40.
     მესამე ტურში გასული სტუდენტები მოამზადებენ ინდივიდუალურ პროექტებს, რომელთა პრეზენტაციაც კომისიის წინაშე გაიმართება. პროექტის თემატიკა თავისუფალია. პროექტის მოსამზადებლად მესამე ტურში გასულ სტუდენტებს მიეცემათ ათი დღე.
     კომისია დაკომპლექტდება ს.ს. ”ქართული ფოლადის” მენეჯერებისაგან.

კონკურსის პირველი ტური გაიმართება
14 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის X (მაღლივ) კორპუსში;
21 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსში



თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მის: ჭავჭავაძის №3
ტელ: 22 23 91;  36 88 50
ელ.ფოსტა: tsupr@tsu.ge
« იხ. ყველა ანონსი