2013-09-04

საერთაშორისო კონფერენცია თსუ-ში „ ქართული ენა და თანამედროვე ტექნოლოგიები“

4 სექტემბერს, 10.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ორგანიზებით  საერთაშორისო კონფერენცია „ქართული ენა და თანამედროვე ტექნოლოგიები“ გაიმართება.

21-ე საუკუნეში  ეროვნული ენებისა და კულტურების შენარჩუნებისა და განვითრების საქმეში კომპიუტერული ტექნოლოგიების როლი გამოიკვეთა. ბუნებრივ ენათა სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის აუცილებელი პირობაა ენობრივ მონაცემთა დამუშვება თანამედროვე ტექნოლოგიებით.  ამიტომაც გადაუდებელ ამოცანას წარმოადგენს ელექტრონულ სივრცეში ქართული ენის სრულფასოვანი ჩართვა: ტექსტური კორპუსების, ელექტრონული ბიბლიოთეკების, ენის ელექტრონული სწავლებისა და სათარგმნი პროგრამების შექმნა. 

კონფერენციის მიზანია ამ მიმართულებით გაწეული სამუშაოების წარმოდგენა, შედეგების შეჯამება, სამომავლო ამოცანების დასმა და გამოცდილების ურთიერთგაზიარება.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან  თსუ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი.

კონფერენცია 5 სექტემბერს დაიხურება.

მისამართი: თბილისი, გუდიაშვილის ქ.7, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, მესამე კორპუსი, საკონფერენციო დარბაზი
 

« იხ. ყველა ანონსი