2013-04-25

თსუ-ის გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის“ 85 წლის იუბილე

25 აპრილს, 18.30 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ-ს გაზეთის "თბილისის უნივერსიტეტის" 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო და მიღება გაიმართება. გაზეთის იუბილესთან დაკავშირებით საღამოზე ნაჩვენები იქნება დოკუმენტური ფილმი   - „უნივერსიტეტის გაზეთი – უნივერსიტეტის პოზიცია?!“, რის შემდეგაც აუდიტორიასთან ინტერაქციაში მონაწილე მეცნიერები, ექსპერტები და ჟურნალისტები წამყვანთა დასმულ შეკითხვებს უპასუხებენ. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება სატელევიზიო იუმორისტული ჩანაწერი _ "პრესის მიმოხილვა",  რომელსაც "კაცების შოუს" მონაწილენი, ყოფილი უნივერსიტეტელები წარმოადგენენ. იუმორისტულ სატელევიზიო შოუში თსუ რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილიც მონაწილეობს.
საიუბილეო საღამოზე უნივერსიტეტის გაზეთის სლოგანის კონკურსში გამარჯვებული დაჯილდოვდება. ღონისძიების ბოლოს სამახსოვრო ჯილდოები გადაეცემა იმ ადამიანებს, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს გაზეთის გამოცემაში. საღამო საზეიმო მიღებით დასრულდება.
    გაზეთი „თბილისის უნივერსიტეტი“ დაარსდა 1927 წელს და იგი ერთ-ერთი უძველესი ბეჭდური გამოცემაა საქართველოში. გაზეთი უნივერსიტეტის მემატიანის როლსაც ითავსებს. იგი ყოველთვის ასახავდა პირველ ქართულ უნივერსიტეტში განვითარებულ მნიშვნელოვან სამეცნიერო თუ სასწავლო პროცესებს, ასევე, ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თუ კულტურულ ვითარებას.


მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი

« იხ. ყველა ანონსი