2015-06-10

"პირველსხიველების“ შემოქმედებითი საღამო

10 ივნისს, 19:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ,,პირველსხიველების“  შემოქმედებითი საღამო  გაიმართება. 2015 წელს ალმანახ ,,პირველი სხივის“  გამოცემიდან 65 წლის იუბილე შესრულდა, რასაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასშტაბურად აღნიშნავს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალმანახ „პირველი სხივის“ სახელს  უკავშირდება  მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ლიტერატორთა თაობის ფაქტობრივად თითქმის ყველა მეტ-ნაკლებად ცნობილი მოღვაწის პირველი  შემოქმედებითი ნაბიჯები. უნივერსიტეტის ლიტერატურული წრე პირველად 1947 წლის სექტემბერში შეიკრიბა.

უნივერსიტეტში ბევრი გამოჩნდა ლიტერატურით დაინტერესებული ახალგაზრდა. ლიტერატურულ წრეს ხელმძღვანელობდა დოცენტი ბესო ჟღენტი.  წრეს იმდენი ახალი წევრი შეემატა, იმდენი საყურადღებო ლიტერატურული მასალა დაგროვდა, რომ შესაძლებელი გახდა ალმანახის დაარსება, რისი ინიციატივა უნივერსიტეტის მაშინდელ რექტორს, აკადემიკოს ნიკო კეცხოველს ეკუთვნის. ასე დაიბადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდა მწერალთა ყოველწლიური ლიტერატურული ალმანახი  „პირველი სხივი“, რომლის პირველი ნომერი 1950 წელს გამოვიდა. ყოველ მომდევნო წელს ალმანახ „პირველი სხივის“ ახალი ნომერი გამოდიოდა.  2004 წლამდე სულ 30 ნომერი დაისტამბა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა თაობის “პირველსხიველები“. მათ შორის ჯანსუღ ჩარკვიანი, ტარიელ ჭანტურია, გივი ალხაზიშვილი, გივი შაჰნაზარი, თემურ ჩალაბაშვილი, რევაზ ამაშუკელი, ბესიკ ხარანაული, რევაზ მიშველაძე, ტარიელ ხარხელაური, ელა გოჩიაშვილი, ლია სტურუა, ვახტანგ ჯავახაძე, გიორგი კეკელიძე, გაგა ნახუცრიშვილი და თამარ ალადაშვილი. ასევე, ცნობილი მომღერლები და მუსიკალური ანსამბლები.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის №1, თსუ I კორპუსი, სააქტო დარბაზი

« იხ. ყველა ანონსი