2014-07-24

ჟურნალ „ქართველოლოგისა“ და „საერთაშორისო ქართველოლოგიური საზაფხულო სკოლის“ პრეზენტაცია

24 ივლისს, 15.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალ „ქართველოლოგისა“ და „საერთაშორისო ქართველოლოგიური საზაფხულო სკოლის“ პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, რუსთაველის ეროვნულის სამეცნიერო ფონდის და აკადემიური წრეების წარმომადგენლები, უცხოელი სტუმრები დაესწრებიან.

ორენოვანი სამეცნიერო, რეცენზირებადი ჟურნალი „ქართველოლოგი“ 1993 წელს დააარსა აკადემიკოსმა ელგუჯა ხინთიბიძემ. ბოლო სამი წლის განმავლობაში ჟურნალს რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აფინანსებდა. სწორედ ფონდის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა ჟურნალის ელექტრონული ვერსია. ჟურნალ „ქართველოლოგის“  სხვადასხვა ნომერი ხელმისაწვდომია ამერიკისა თუ ევროპის ცნობილ უნივერსიტეტებსა და ბიბლიოთეკებში. ჟურნალის მუშაობაში ჩართულნი არიან მეცნიერები მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან, რომლებმაც საქართველოს კულტურა, ისტორია თუ ლიტერატურა გაიცნეს სწორედ „ქართველოლოგის“ მეშვეობით და აგრძელებენ საქმიანობას ქართველოლოგიური მიმართულებით. ამგვარი მუშაობის შედეგად იქმნება ქართველოლოგიის სექციები მნიშვნელოვან საერთაშორისო კონგრესებზე ამერიკასა თუ ევროპაში.

ჟურნალის პარალელურად შეიქმნა „საერთაშორისო ქართველოლოგიური საზაფხულო სკოლა“. საზაფხულო სკოლის სტუდენტები  ამ ოცი წლის მანძილზე იყვნენ საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველოლოგები და საქართველოს მეგობრები სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც ქართველოლოგიის სხვადასხვა დარგში ან საქართველოსთან დაკავშირებულ სხვადასხვა ორგანიზაციაში აგრძელებენ წარმატებულ მუშაობას.

ღონისძიების ორგანიზატორია თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ქართველოლოგიური კვლევის ცენტრი და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე (ივ. ჯავახიშვილის სახელობის) აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი