2013-02-25

თავდაცვის მინისტრი ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით თსუ-ს ეწვევა

25 თებერვალს, 13.00 საათზე  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით თსუ სტუდენტებსა და თავდაცვის ეროვნული აკადემიის კურსანტებს შეხვდება. შეხვედრაში თსუ რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი მიიღებს მონაწილეობას.

შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრი საქართველოს დამოუკიდებლობაზე,  1921 წლის 25 თებერვალს წითელი არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციასა და კოჯორ-ტაბახმელას მიდამოებში ქართველი იუნკრების ერთკვირიან თავდადებულ ბრძოლაზე ისაუბრებს.

ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით თსუ მუზეუმი ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს პირველი რესპუბლიკის ანექსიის ამსახველ ფოტომასალას, თსუ რეპრესირებული პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების ფოტოებს გამოფენს. მნახველს საშუალება ექნება გაეცნოს ივანე ჯავახიშვილის სიტყვას, რომლითაც მან  1921 წლის 23 თებერვალს უნივერსიტეტის ეზოში შეკრებილ სტუდენტობას  მიმართა: „შვილებო, ჩემი მოვალეობაა მე თქვენ წიგნისა და  კალმისაკენ მოგიწოდოთ მაგრამ, ერის ცხოვრებაში არის ისეთი მომენტები, როცა საჭიროა ყველაფერი განზე გადადო და იარაღით ხელში მტერს მიეგებო და აი, მე დღეს თქვენ იარაღისკენ მოგიწოდებთ.“

 თსუ ბიბლიოთეკის მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზში ოკუპაციის დღისადმი მიძღვნილ გამოფენასთან ერთად,  თსუ პროფესორის მალხაზ მაცაბერიძის წიგნის „უნივერსიტეტი 1921 წლის თებერვალში“ პრეზენტაცია გაიმართება.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 115-ე აუდიტორია


« იხ. ყველა ანონსი