2015-12-25

კონკურსი "შექმენი ნარჩენებისგან საახალწლო ნაძვის ხე“

25 დეკემბერს, 13:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კონკურსის "შექმენი ნარჩენებისგან საახალწლო ნაძვის ხე“ ფინალში გასული ნავის ხეების გამოფენა გაიმართება.

თსუ-ეკო კლუბი სამი წელია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის საბავშვო უნივერსიტეტთან ერთად ატარებს ნარჩენებისგან დამზადებული ნაძვის ხეების კონკურსს სკოლის მოსწავლეებისათვის. წელს კონკურსი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება. კონკურსი ტარდება მთელი საქართველოს მასშტაბით და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს. კონკურსის მიზანია, ტყეებისა და ახალგაზრდა ნაძვის ხეების უმოწყალო ჭრის შეჩერება.

კონკურსის მონაწილეებს უნდა დაემზადებინათ ნაძვის ხეები სხვადასხვა სახის ნარჩენისგან, მაგალითად, მაკულატურა, პოლიეთილენი, მეტალი, ბიჟუტერია, ქსოვილი და სხვა ისე, რომ არ გამოეყენებინათ ნედლი ხე ან მისი ტოტები. შეიძლებოდა მხოლოდ ღეროსათვის ხის ჯოხის გამოყენება. კონკურსში მონაწილე სკოლის მსოწავლეს უნდა გაევლო რეგისტრაცია და ნარჩენებისგან შექმნილი „ნაძვის ხის“ ამსახველი ფოტო სურათი (1ფოტო) გამოეგზავა მითითებულ ლინკზე.

გამოგზავნილი სურათების მიხედვით კომპეტენტური ჟიურის მიერ შეირჩა 35 ფინალისტი. საუკეთესო ნამუშევრების ავტორებს სამახსოვრო პრიზები და სერტიფიკატები გადაეცემათ.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსის ეზო, აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის შენობა



« იხ. ყველა ანონსი