2012-10-26

თსუ საპატიო დოქტორის წოდების მინიჭება

26 ოქტომბერს, 15.00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  ბრიტანეთის შეფილდ-ჰალამის უნივერსიტეტის პროფესორის მარკ დოელისთვის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების ცერემონიალი გაიმართება.       

 შეფილდ-ჰალამის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი მარკ დოელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან  2005 წლიდან თანამშრომლობს. ამ წელს თსუ სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულებამ პირველად მოიპოვა ევროკომისიის ტემპუს/ტასისის  3 წლიანი გრანტი ( ”სოციალური მუშაობის განათლების დაფუძნება საქართველოში” - ESWEG). აღნიშნულ პროექტის ფარგლებში თსუ-ს პარტნიორები იყვნენ შეფილდ-ჰალამის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი) და ლუბლიანის უნივერსიტეტი (სლოვენია). პროექტის აკადემიური ხელმძღვანელი იყო პროფ. მარკ დოელი.

თსუ-სა და შეფილდ-ჰალამის უნივერსიტეტებს შორის დადებული ხელშეკრულების (2010 წ.) თანახმად, თსუ სოციალური მუშაობის მაგისტრატურის სტუდენტს  შესაძლებლობა აქვს, თსუ სოციალური მუშაობის მაგისტრის ხარისხის პარალელურად მოიპოვოს შეფილდ-ჰალამის უნივერსიტეტის სოციალური ზრუნვის მაგისტრის ხარისხი.  

მარკ დოელის ძალისხმევით დაარსდა ინგლისურენოვანი, საერთაშორისო რეფერირებადი სამეცნიერო ჟურნალი - ”სოციალური მუშაობა და სოციალური პოლიტიკა გარდამავალ პერიოდში”, რომელიც ამ პროფილის და სტატუსის ერთადერთი ჟურნალია საქართველოში სოციალური მეცნიერებების სფეროში.

პროფ. მარკ დოელი არის საქართველოში ახალი დარგის - სოციალური მუშაობის - ფუძემდებელი.  სოციალური მუშაკის პროფესია დღეს საქართველოს სახელმწიფოს მიერ შემუშავებული  სოციალური პროგრამების ერთ-ერთი საყრდენი ინსტრუმენტია. თსუ საქართველოში ერთადერთი უმაღლესი სასწავლებელია, რომელიც კვალიფიციური სოციალური მუშაკების გამოშვებას უზრუნველყოფს.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, მელიქიშვილის სახელობის საკონფერენციო დარბაზი, (აუდიტორია #115)
« იხ. ყველა ანონსი