2014-04-04

ფილმის „გზაზე“ პრემიერა თსუ-ში

4 აპრილს, 18:30 საათზე  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი ქართული დოკუმენტური ფილმის „გზაზე“ პრემიერა გაიმართება.

დოკუმენტური ფილმი აქტუალურ თემას შეეხება და ასახავს ცხვრის გადარეკვის პროცესს შირაქის ზამთრის საძოვრებიდან სამცხე–ჯავახეთის მაღალმთიან ზაფხულის საძოვრებამდე. კომპანია „ეკო ფილმზ“–მა ფირზე ასახა ის სამკვირიანი რთული გზა, რომელსაც მეცხვარეები ფარასთან ერთად გადიან ყოველწლიურად, წელიწადში ორჯერ. საქართველოს ხელისუფლებამ თავის ერთ–ერთ მთავარ პრიორიტეტად სოფლის მეურნეობა დაასახელა, მეცხვარეობა კი ამ დარგის ის სფეროა, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება გადარჩენისა და განვითარებისთვის.

ფილმი გადაღებულია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ, დაფინანსებულია საბაზრო განვითარების პროგრამის „ალიანსები ქვემო ქართლის“ მიერ, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაცია „მერსი ქორფსი“ ახორციელებს.

ფილმის პრემიერას დაესწრებიან შვეიცარიის ელჩი, საელჩოს, ასევე შვეიცარიის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები, დონორი და საერთაშორისო ორგანიზაციები; სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ეკონომიკური განვითარების, შინაგან საქმეთა, გარემოს დაცვის სამინისტროების წარმომადგენლები; ქვემო ქართლის, კახეთის და სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორები და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები 8 მუნიციპალიტეტიდან.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი

« იხ. ყველა ანონსი