2019-05-03
თამაზ ბაძაღუას ხსოვნის საღამო თსუ-ში
3 მაისს, 18.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოეტის, დრამატურგისა და მთარგმნელის თამაზ ბაძაღუას ხსოვნის საღამო გაიმართება. საღამო ლიტერატურული წრის „93-ე აუდიტორიის“ ფარგლებში შედგება.
ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, სტუდენტები, პროფესორები, მოწვეული სტუმრები დაესწრებიან. ხსოვნის საღამოზე წაიკითხავენ თამაზ ბაძაღუას ლექსებსა და თარგმანებს, გაიმართება აღორძინების ხანის ცნობილი იტალიელი პოეტის ტორკვატო ტასოს პიესის „ამინტას“ თამაზ ბაძაღუასეული თარგმანის გამოცემის (გამომცემლობა „საარი“) პრეზენტაცია, რომელიც მან 27 წლის ასაკში თარგმნა.
ათეული წლების განმავლობაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის 93-ე აუდიტორიაში (ახლანდელი 206-ე, ნიკო ცხვედაძის სახელობის აუდიტორია) იმართებოდა სტუდენტური ლიტერატურული ღონისძიებები. ახალგაზრდა მწერალთა წრის შეხვედრა-დისკუსიებზე მაშინ, ჯერ კიდევ ახალგაზრდა, ნაკლებად ცნობილი, ახლა კი უკვე სახელგანთქმული და ყველასათვის საყვარელი მწერლები თუ პოეტები, თავიანთ ნაწარმოებებს აცნობდნენ საზოგადოებას და პირველ ნაბიჯებს დგამდნენ სამწერლობო ასპარეზზე. მაშინდელ თაობას ახსოვს ახალგაზრდული გულწრფელობით, ენერგიითა და რომანტიზმით სავსე საღამოები.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ I კორპუსი, 206-ე აუდიტორია.