2011-10-01

ფრანგულ-ქართული სამედიცინო კონფერენცია თსუ–ში

1-2 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება ფრანგულ-ქართული სამედიცინო-სამეცნიერო კონფერენცია “სალპეტრიერის დღეები თბილისში: კლინიკური ნეირომეცნიერების თანამედროვე მიღწევები”. კონფერენციის მიზანია თსუ მედიცინის ფაკულტეტსა და პარიზის უნივერსიტეტის (University of Paris V) მედიცინის ფაკულტეტებს შორის თანამშრომლობის საკითხების განხილვა და ამ მიმართულებით კონკრეტული პროექტების შემუშავება. 

კონფერენცია კლინიკური და მეცნიერული ნევროლოგიის აქტუალურ პრობლემებს მიეძღვნება. შეხვედრაზე განიხილება მადემიელინიზებელი დაავადებების, მოძრაობათა დარღვევების, ცერებროვასკულური დაავადებების, დემენციების, ნერვ-კუნთოვანი დაავადებების, ნეიროონკოლოგიისა და ნერვული სისტემის სხვა პათოლოგიების ეტიოპათოგენეზის, პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის საკვანძო საკითხები.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ პარიზის Pitié-Salpêtrière–ის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის წამყვანი ფრანგი ნევროლოგები, ნეირომეცნიერები  და მათი ქართველი კოლეგები.

კონფერენცია საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის პატრონაჟით იმართება. თანაორგანიზატორები არიან: აკადემიკოს პეტრე სარაჯიშვილის სახელობის ნევროლოგიის ინსტიტუტი, საქართველოს ნევროლოგთა და ნეიროქირურგთა ასოციაცია, საქართველოს ინსულტის ასოციაცია.
« იხ. ყველა ანონსი