2015-05-28

ხელშეკრულების გაფორმება ევროპის ლექსიკოგრაფიულ ასოციაციასთან (EURALEX)

28 მაისს, 17.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხელი მოეწერება ხელშეკრულებას 2016 წლის 6 - 10 სექტემბერს ევროპის ლექსიკოგრაფიული ასოციაციის (EURALEX) მე-17 საერთაშორისო კონგრესის თსუ-ში  ჩატარების თაობაზე.

ამ მიზნით, უნივერსიტეტს ეწვევიან ევროპის ლექსიკოგრაფიული ასოციაციის პრეზიდენტი, დოქტორი ლარს ტრაპ-იენსენი (დანიური ენის ინსტიტუტი, კოპენჰაგენი) და დოქტორი ანდრეა აბელი (ევროპული აკადემია, ბოლზანო, იტალია).

უნივერსიტეტის მხრიდან ხელშეკრულებას ხელს მოაწერენ უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა და ლექსიკოგრაფიული ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი თინათინ მარგალიტაძე. ევროპის ლექსიკოგრაფიული ასოციაციის მხრიდან კი ხელშეკრულებას ხელს მოაწერს ასოციაციის პრეზიდენტი, დოქტორი ლარს ტრაპ-იენსენი.

ევროპის ლექსიკოგრაფიული ასოციაციის  კონგრესზე იკრიბებიან პროფესიონალი ლექსიკოგრაფები, გამომცემლები, მკვლევრები, პროგრამისტები და ზოგადად ლექსიკოგრაფიით დაინტერესებული პირები.

პროგრამა მოიცავს საჯარო ლექციებსა და სექციურ სხდომებს სხვადასხვა თემაზე, კომპიუტერული პროგრამების პრეზენტაციას, დისკუსიას მრგვალ მაგიდასთან,  სპეციალიზებულ სემინარებს კონგრესის წინა  პერიოდში, წიგნებისა და კომპიუტერული პროგრამების გამოფენას და აგრეთვე კულტურულ პროგრამას მონაწილეთათვის და მათი სტუმრებისათვის.

კონგრესის დევიზია: ლექსიკოგრაფია და ლინგვისტური მრავალფეროვნება.

კონგრესის ვებგვერდი გახსნილია მიმდინარე წლის თებერვლიდან შემდეგ მისამართზე: http://euralex2016.tsu.ge, სადაც სისტემატურად ქვეყნდება უახლესი ინფორმაცია კონგრესთან დაკავშირებით.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის №1, თსუ I კორპუსი, რექტორატი

« იხ. ყველა ანონსი