2013-12-26

თსუ პანთეონში იოსებ ყიფშიძის ნეშტს გადმოასვენებენ

26 დეკემბერს, 14.00 საათზე  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პანთეონში იოსებ ყიფშიძის ნეშტს გადმოასვენებენ. თსუ-ს ერთ-ერთ დამფუძნებელს იოსებ ყიფშიძეს დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონიდან გადმოასვენებენ. ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, თსუ აკადემიური წრეების წარმომადგენლები და სტუდენტები დაესწრებიან.

ღონისძიების ფარგლებში იოსებ ყიფშიძის სახელობის დარბაზში გაიმართება პრეზენტაცია წიგნისა: იოსებ ყიფშიძე, ევგენია ეგაძე-ყიფშიძისა, დავით ყიფშიძე -„ჩანაწერები“ (თბილისი, „ინტელექტი“, 2013, შემდგენელ-რედაქტორი ეთერ ქავთარაძე).

იოსებ ყიფშიძე (1882-1919) დიდი ქართველი ფილოლოგი, ენათმეცნიერია. 1911 წელს დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტი. სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას შეუდგა აღმოსავლეთის პრაქტიკულ აკადემიაში კავკასიური ენების შესწავლის კურსებზე. 1915 წლიდან იყო პრივატ-დოცენტი, კითხულობდა ქართული ენის კურსს. 1917 საქართველოში დაბრუნდა. მონაწილეობდა თსუ-ის დაარსებაში, იყო გამგეობის სწავლული მდივანი და ქართული ენის პირველი პროფესორი. იკვლევდა ქართველურ ენებს, მათი აგებულებისა და ისტორიის საკითხებს. აღსანიშნავია მისი გამოკვლევები "დამატებითი ცნობები ჭანურის შესახებ" (1911), "მეგრული ენის გრამატიკა ტექსტებითა და ლექსიკონით" (1915) და სხვ.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 219-ე აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი