2014-10-13

ახალგაზრდული მოძრაობის ქრონიკები საქართველოში

13 ოქტომბერს, 17:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წიგნის ,,ახალგაზრდული მოძრაობის ქრონიკები საქართველოში’’ პრეზენტაცია გაიმართება.

წიგნში თავმოყრილია 1956 წლის 9 მარტის, 1978 წლის 14 აპრილისა და 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების შესახებ ინფორმაცია, მნიშვნელოვანი დოკუმენტური და საარქივო მასალები, ასევე იური მეჩითოვისა და ბადრი ვადაჭკორიას ფოტომასალები.

წიგნში გაერთიანებულია 100-მდე ადამიანის (დისიდენტების, მათი ოჯახის წევრების, ჟურნალისტების, მილიციელების, პროფესორებისა და მაშინდელი სტუდენტების, დაღუპულთა ოჯახის წევრების, ექიმების და ა.შ.) მოგონებები აღნიშნულ 3 მოვლენაზე.

ღონისძიებაზე შედგება ვებგვერდის - საქართველოს მეხსიერების ბანკი და ამავე სახელწოდების დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია. ვებგვერდზე ელექტრონულად იქნება განთავსებული ის მასალები, რაც წიგნშია წარმოდგენილი. ამავდროულად, ვებგვერდს ექნება ფუნქცია დაემატოს უახლეს ისტორიაში მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენა და ზეპირი ისტორიები სხვადასხვა ფაქტის შესახებ. საბოლოოდ შეიქმნება ერთიანი სივრცე, რომელზეც ასახული იქნება უახლესი ისტორიის მოვლენები და მოქალაქეების ისტორიები.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის № 1, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის 115-ე აუდიტორია


« იხ. ყველა ანონსი