2013-05-31

„ოთხი დღე სტურუას შექსპირის სამყაროში“

31 მაისს, 16.30 საათზე  საგანმანათლებლო-სახელოვნებო პროექტის „ოთხი დღე სტურუას შექსპირის სამყაროში“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართება. ღონისძიებაზე მოეწყობა შეხვედრა რეჟისორ რობერტ სტურუასთან, სპექტაკლ „ქარიშხალის“ ვიდეოჩვენება; გამოიფინება რუსთაველის თეატრის მუზეუმში დაცული უნიკალური ექსპონატები, რომლებიც რობერტ სტურუას შექსპირული დადგმების ფოტო, ვიდეო და სხვა ისტორიულ მასალებს ასახავენ. შეხვედრის დასასრულს რობერტ სტურუა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედლით და სერტიფიკატით დაჯილდოვდება.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტი, რუსთაველის თეატრი, ხელოვნების ცენტრი „რუბიკონი“ და თსუ-ს „საკვირაო ლიტერატურული კლუბი“.
პროექტის განმავლობაში მოეწყო ოთხი ღონისძიება,  რომელთა ფარგლებშიც გაიმართა გამოფენები, შეხვედრები ხელოვანებთან და სპექტაკლების ვიდეოჩვენება. ამგვარი ღონისძიებების სასწავლო პროცესში ჩართვა სიახლეა ქართულ სინამდვილეში. ყოველივე ეს სტუდენტებისთვის უფრო მიმზიდველს და საინტერესოს გახდის შექსპირის ტექსტების და თეატრალური დადგმების შესწავლის და შემდგომში კვლევის საქმეს. ასევე, ამგვარი ინტელექტუალური და სახელოვნებო ღონისძიებები ხელს შეუწყობს სტუდენტების ინტელექტუალურ და სულიერ განვითარებას.

მისამართი: კოსტავას 53 (ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკა), ხელოვნების ცენტრი „რუბიკონი“


« იხ. ყველა ანონსი