2015-02-25

თსუ-ში ჩინური ენისა და კულტურის ოთახი გაიხსნება

25 თებერვალს, 12.30 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩინური ენისა და კულტურის ოთახი გაიხსნება.  ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იუე ბინი,  საქართველოში კომპანია HUAWEI-ს წარმომადგენლები, პროფესორები და სტუდენტები დაესწრებიან. 

ოთახი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოსა და HUAWEI-ს წარმომადგენლობის თანადგომით კომპიუტერული ტექნიკითა და საჭირო ავეჯით აღიჭურვა. HUAWEI მსოფლიოში  ლიდერი კომპანიაა ინფორმაციული და  საკომუნიკაციაო ტექნოლოგიების თვალსაზრისით.  მისი ტელესაკომუნიკაციო და IT პროდუტები და გადაწყვეტილებები გამოიყენება 170 ქვეყანაში.  გაყიდვების თვალსაზრისით კომპანიის წლიურმა შემოსავალმა 2013 წლისთვის 39. 6 მილიარდი შეადგინა და 285-ე ადგილზეა მსოფლიოს 500 საუკეთესო სამრეწველო კომპანიას შორის. ხოლო ICT ტექნიკის მწარმოებლებს შორის მას უდაოდ პირველი ადგილი უკავია. HUAWEI წლიური შემოსავლის 10 პროცენტს აბანდებს კვლევებისა და ტექნოლოგიების შემუშევების კუთხით, რაშიც კომპანიიის 150 000 თანამშრომლის 45 პროცენტია ჩართული. პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით კომპანია ცდილობს შექმნას ეფექტიანი და ინტეგრირებული ციფრული ლოჯისტიკის სისტემა. გარემო, სოციალური პასუხისმგებლობა, მწვანე ტექნოლოგიები (გარემოს დაცვა), სწავლისა და ცოდნის პოპულარიზაცია და მხარდაჭერა, ადამიანზე და მომავალ თაობებზე ზრუნვა ჰუავეის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია.

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის „შორეული აღმოსავლეთის რეგიონისმცოდნეობის“ პროგრამა ორ მოდულს -სინოლოგიას (ჩინური ენა და კულტურა) და იაპონისტიკას მოიცავს. სინოლოგიის მიმართულებაზე  ამჟამად ოცდაათამდე სტუდენტი სწავლობს, რომელთაც ქართველ პროფესორებთან  ერთად ჩინელი სპეციალისტები ასწავლიან ჩინურ ენასა და კულტურას. 

გასულ წელს, ჩინეთის ელჩის იუე ბინის ინიციატივით თსუ-ს ჩინური ენის სახელმძღვანელოები და ჩინეთის შესახებ ლიტერატურა გადმოეცა. 

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 36,  თსუ მეხუთე კორპუსი

« იხ. ყველა ანონსი