2011-05-05

პროექტის „ნაფიცი მსაჯული 3“ პრეზენტაცია თსუ–ში

5 მაისს, 12:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის „ნაფიცი მსაჯული 3“ პრეზენტაცია გაიმართება. პრეზენტაციას თსუ–ის პრორექტორი ლევან ალექსიძე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი და მთავარი პროკურორის მოადგილე დავით საყვარელიძე დაესწრებიან.

აღნიშნული პროექტი „ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველოს“ იმიტირებული პროცესების ჩემპიონატია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მისი სტუდენტური თვითმმართველობის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს და ქალაქ თბილისის მერიის პარტნიორობით 2008–2009 წლებში მასშტაბური პროექტის პირველი და მეორე გამოშვება განხორციელდა.

პროექტში მონაწილეობას იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები და ახალგაზრდა იურისტები მიიღებენ. პროექტი მთელი საქართველოს მასშტაბით ტარდება, მონაწილეებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ თბილისის, ქუთაისის, ბათუმისა და გორის სარეგისტრაციო ზონაში, სპეციალური სააპლიკაციო ფორმის შევსების გზით.

მონაწილეთა შერჩევა გუნდური პრინციპით მოხდება. თბილისში დარეგისტრირებული მსურველებისათვის  ტესტირება (წერითი ეტაპი ჩატარდება მხოლოდ თბილისის სარეგისტრაციო ზონაში) 20 მაისს, ხოლო გასაუბრება ქუთაისსა და გორში – 14 მაისს, ბათუმში – 22 მაისს, ხოლო თბილისში – 28 მაისს ჩატარდება. შერჩეულ მონაწილეთა ვინაობა 30 მაისს გახდება ცნობილი.  შეირჩევა 8 გუნდი (სულ 24 მონაწილე, აქედან 5 გუნდი თბილისიდან, ხოლო 1 გუნდი ყველა რაიონიდან). შერჩეული მონაწილეებისათვის ივნისის დასაწყისში დაგეგმილია ტრენინგების ჩატარებაც.

სამოტივაციო წერილისა და სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით 100–მდე ნაფიცი მსაჯული შეირჩევა. მონაწილეობის მიღება იურიდიული და ფსიქოლოგიური პროფესიების წარმომადგენლების გარდა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ექსპერტების და ბრალდებულების როლისათვის მონაწილეებს თეატრალური უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტიდან მოიწვევენ.

საერთო ჯამში  7 პროცესი ჩატარდება. 4 შესარჩევი პროცესი 12 ივნისს გაიმართება. ნახევარფინალები 18 და 19 ივნისს, ხოლო 2 ივლისს – ფინალური პროცესია დაგეგმილი. თითოეული ეტაპის და პროექტის საბოლოო გამარჯვებული გუნდი  ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტის საფუძველზე გამოვლინდება.

პროექტი საქართველოს უზენაესი სასამართლოს, იუსტიციის სასწავლო ცენტრის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის, ქართულ–ამერიკული უნივერსიტეტის (GAU), აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ქუთაისი), შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა (ბათუმი) და გორის სასწავლო უნივერსიტეტის პარტნიორობით ხორციელდება.

მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი, I სართული, იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკა

« იხ. ყველა ანონსი