2019-02-08

თსუ - 101

8 თებერვალს, 09.30 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 101 წლის აღსანიშნავი საიუბილეო ღონისძიებები სამეცნიერო სემინარით - „ძველი ქალაქიდან სმართ სითიმდე“ გაიხსნება, რომელსაც თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანტონიო ბარტოლი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, ქართველი და იტალიელი მეცნიერები, სტუდენტები, მოწვეული სტუმრები დაესწრებიან. ღონისძიება, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოში იტალიის საელჩოსა და იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოს ორგანიზებით ხორციელდება. 

სემინარი სახელწოდებით „ტექნოლოგიურად გაუმჯობესებული სტრატეგიები მუზეუმების, არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალებისთვის, ურბანული სივრცეებისთვის და კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციისთვის“ ახალი ტექნოლოგიების მეშვეობით კულტურული ტურიზმის განვითარებას,  ისტორიული ქალაქების რეკვალიფიკაციას, ისტორიული ურბანული ლანდშაფტის მართვას, ძველი ისტორიული ქალაქების თანამედროვე  ქალაქად წარმოჩენას ეხება და სხვადასხვა დარგის ქართველ და იტალიელ მეცნიერებს შორის გამოცდილების გაზიარებას ისახავს მიზნად. 

პირველი სემინარი ამ ციკლიდან 28 იანვარს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაიმართა.

8 თებერვალს, 18.00 საათზე უნივერსიტეტის იუბილესთან დაკავშირებით ლიტერატურული კრებულის „RettuLIT2“ (ლიტერატურული დაბრუნება2) პრეზენტაცია გაიმართება. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით სხვადასხვა თაობის 18-მა ქართველმა მწერალმა სიტყვების ძალით მსოფლიოს გარშემო იმოგზაურა, პირად ნივთებში კი, სულხან საბა ორბელიანის ნაქონი ატლასის ფრაგმენტები გაიყოლა. სწორედ ისტორიული გეოგრაფიული ატლასი სულხან-საბა ორბელიანის მინაწერებით გახდა მწერლების ინსპირაციის წყარო. ავტორები უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები, ასევე სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდა“ გამარჯვებულები არიან, რომელსაც თსუ და  „ჯეოსელი“, გასული წლიდან კი „სილქნეტი“ ერთობლივად ახორციელებენ.

100 წლის საუბილეო კრებულში „RettuLIT2“ მკითხველი იმოგზაურებს უნივერსიტეტთან და ავტორებთან ერთად.

უნიკალური ატლასი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმშია დაცული, ატლასი 1711 წელს ქალაქ ნიურნბერგშია გამოცემული და სხვადასხვა დროით დათარიღებული 67 რუკისგან შედგება. ფერად ატლასზე ქართული მინაწერები სულხან საბას მიერ წითელი ფერის მელნითაა შესრულებული. გულდასმით გამოყვანილი ქართული ასოები იმ გეოგრაფიულ ლოკაციებსა და ნახატებს ამშვენებს, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა კონტინეტზე მიმოფანტულ ქვეყნებს ვიზუალურად გამოსახავს. საიუბილეო კრებულისთვის თითოეულ მწერალს ატლასის ის ნაწილი შეხვდა, რომელზეც კონკრეტული ქვეყანა, გეოგრაფიული ნიშანი და სულხან-საბას ქართული მინაწერია დატანილი, აღნიშნული ფრაგმენტი იქცა ინსპირაციად, რომლის მიხედვითაც სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებები შეიქმნა.

„RettuLIT, ლიტერატურული დაბრუნება“ პირველი წიგნი 2013 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 95 წლის იუბილეზე გამოიცა. მაშინდელ საიუბილეო გამოცემაში სხვადასხვა თაობის 15-მა უნივერსიტეტელმა მწერალმა მიიღო მონაწილეობა. წიგნში ლიტერატურული კვალი „პირველსხიველებიდან“ ახალბედა მწერლებამდე, უნივერსიტეტის სტუდენტებამდე მოდის. პირველმა პროექტმა თითოეული მათგანის უნივერსიტეტზე მოგონებები  გააერთიანა.

წიგნის პრეზენტაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური კაპელას კონცერტით დასრულდება.

8 თებერვალს უნივერსიტეტის იუბილესთან დაკავშირებით, ასევე, გაიმართება თსუ მუზეუმის გამოფენა „თბილისი დიმიტრი ერმაკოვისა და ალექსანდრე ჯავახიშვილის ფოტოკოლექციაში“.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება დიმიტრი ერმაკოვის უნიკალური ფოტომასალა, რომელიც ძირითადად ასახავს მსოფლის სხვადასხვა ქალაქებსა და ხედებს, ისტორიულ ძეგლებს, სამხედრო გზებს, ხიდებს, ანთროპოლოგიურ ტიპებს და სხვა; აგრეთვე, მუზეუმის გეოგრაფიის ფონდში დაცული ალექსანდრე ჯავახიშვილის არანაკლებ ღირებული ფოტოკოლექცია, რომელიც ფართო საზოგადოებისათვის სრულად არ არის ცნობილი. გამოფენაზე სწორედ ეს უცნობი ფოტოების ნაწილი - კერძოდ,  საქართველოს დედაქალაქის - თბილისის უნიკალური ხედები გამოიფინება. 

თავის დროზე, ექვთიმე თაყაიშვილის ინიციატივით თბილისის უნივერსიტეტის დამფუძნებლებმა, სასწავლო პროცესის გასამართად და სალექციო კურსების საილუსტრაციოდ მოუყარეს თავი ამ ფოტომასალას.  

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი.





« იხ. ყველა ანონსი