2017-10-28
შემოდგომის ლეგენდა 2017 - იმპროვიზაციული ტური კახეთში
28 ოქტომბერს, 10:00 საათზე, ბაკურციხეში სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდა 2017“ იმპროვიზაციული ტური ჩატარდება. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კომპანია ჯეოსელის ერთობლივი პროექტი - სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი მეცხრედ გაიმართება. წელს ლეგენდის ფინალურ ტურს ბაკურციხეში მდებარე ევროპული სტილის კომპლექსი, სარაჯიშვილების საგვარეულო მამული - „მაროშენი“ უმასპინძლებს.
სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კომპანია „ჯეოსელის“ ერთობლივი პროექტია, რომელიც 2009 წელს დაარსდა. კონკურსის მიზანია გაუმარტივოს ახალგაზრდებს პირველი შემოქმედებითი ნაბიჯის გადადგმა, აღმოაჩინოს ახალი მწერლები და გააცნოს ისინი მთელს საქართველოს. კონკურსი წარმატებული დასაწყისი აღმოჩნდა თანამედროვე ქართული ლიტერატურის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც დღეს არაერთი ჯილდოს მფლობელნი და წიგნების ავტორები არიან.
ლიტერატურულ კონკურსში მონაწილეობას საქართველოს მასშტაბით არსებული ყველა აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები იღებენ. კონკურსი ორ ეტაპად ხორციელდება, წელს პირველ ტურში მონაწილეობა 427-მა კონკურსანტმა მიიღო. 10 ფინალისტი შიდაშესარჩევმა ჟიურის წევრებმა გამოავლინეს, რომლებიც იმპროვიზაციულ ტურში ჟიურის მიერ შერჩეულ თემაზე, 12 საათის განმავლობაში ახალ ნაშრომებს შექმნიან.
იმპროვიზაციული ტურის 10 მონაწილიდან ჟიურის წევრები სამ გამარჯვებულს გამოავლენენ, რომლებიც უნივერსიტეტის მიერ დაწესებულ ფულად პრემიას და კომპანია ჯეოსელის სპეციალურ პრიზებს მიიღებენ. პირველი საპრიზო ადგილის მფლობელი 1000 ლარით და კონკურსის სიმბოლოთი დაჯილდოვდება, მეორე და მესამე ადგილის მფლობელებს კი, შესაბამისად - 700 და 500 ლარი გადაეცემათ. წელს ლიტერატურული ჟიური 5 წევრისგან შედგება: მწერლები დათო ტურაშვილი, თეონა დოლენჯაშვილი, მაკა ლდოკონენი, არჩილ ქიქოძე და შარშანდელი გამარჯვებული ბექა ბერაძე.
ძირითადი კონკურსის პარალელურად ყველა მსურველს აქვს შესაძლებლობა ჩაერთოს ონლაინ ლიტერატურულ მარათონში. ჯეოსელის სპეციალური აპლიკაციის დახმარებით დარეგისტრირებული კონკურსანტები ფინალისტებისთვის მიცემულ თემაზე თავადაც შექმნიან ახალ ნაშრომს, მარათონის გამარჯვებული კომპანიის სპეციალურ საჩუქარს მიიღებს.
« იხ. ყველა ანონსი