2013-10-23

ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდა 2013“ იმპროვიზაციული ტური წინანდალში

23 ოქტომბერს, 11:00 საათზე, კახეთში, ალექსანდრე ჭავჭავაძის წინანდლის სახლ-მუზეუმში სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდა 2013“ იმპროვიზაციული ტური გაიმართება. კონკურსის 12 ფინალისტი,  8 საათის განმავლობაში, ჟიურის მიერ მიწოდებულ თემაზე ახალ ნაწარმოებებს შექმნის.

სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კომპანია „ჯეოსელის“ ერთობლივი პროექტია, რომლის მიზანიც ნიჭიერი თაობის აღმოჩენა და მათთვის გზის გაკვალვაა.

წელს კონკურსის სლოგანი ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსის ამონარიდი „მე შენ (არ) გეტყვი“ იქნება.

ლიტერატურული კონკურსი ორ ეტაპად ხორციელდება. I ტურმა სტარტი სწავლის დაწყების დღეს, 16 სექტემბერს აიღო და სამი კვირის განმავლობაში ტარდებოდა. კონკურსში მონაწილეობას თბილისში აკრედიტირებული სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები იღებდნენ. 325 კონკურსანტიდან შიდაშესარჩევმა ჟიურიმ 12 ფინალისტი გამოავლინა. წელს ფინალში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 9 და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 3 სტუდენტი გავიდა.

კონკურსის საიუბილეო წელთან დაკავშირებით კომპანია „ჯეოსელი“ კონკურსის მასშტაბებს ზრდის და ყველა მსურველს ფინალურ ტურში ჩართვას სთავაზობს. სპეციალური აპლიკაციის საშუალებით, ჟიურის მიერ მიწოდებულ თემაზე, 8 საათის განმავლობაში ახალი ნაწარმოების შექმნა, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ლიტერატურის ყველა მოყვარულს შეეძლება. ლიტერატურულ მარათონში ჩართვის მსურველთა რეგისტრაცია 23 ოქტომბრამდე კომპანია „ჯეოსელის“ ფეისბუქის გვერდზე მიმდინარეობს.

სტუდენტებთან ერთად იმპროვიზაციულ ტურს კონკურსის ლიტერატურული ჟიურის წევრები დაესწრებიან. საუკეთესოთა შორის სამ საუკეთესოს კონკურსის ჟიურის შემადგენლობაში შემავალი თანამედროვე ქართველი მწერლები დავით ტურაშვილი, თეონა დოლენჯაშვილი, მაკა ლდოკონენი, გიორგი კეკელიძე, ეკა ტოგონიძე და დათო გორგილაძე გამოავლენენ. ჟიურის მეექსვე წევრი გასული წლის გამარჯვებულია. აღნიშნული ტრადიცია ორი წლის წინ ჩამოყალიბდა და კონკურსის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით ყოველ წელს პირველი ადგილის მფლობელი ავტომატურად მომდევნო წლის ჟიურის წევრი ხდება.

გამარჯვებულ სამეულს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დაწესებული ფულადი პრემია გადაეცემა. I ადგილის მფლობელი 1000 ლარის, II – 700 ლარის, ხოლო III ადგილზე გასული კონკურსანტი 500 ლარის ოდენობის ფულად ჯილდოს მიიღებს. გამარჯვებული მონაწილეები კომპანია „ჯეოსელის“ სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან.

„შემოდგომის ლეგენდა 2013“ წელს იუბილარია და მეხუთედ ჩატარდება. ლიტერატურული კონკურსი 2009 წელს იყალთოში, 2010 წელს ყვარლის ტბაზე, 2011 წელს კი - ლოპოტას ტბაზე გაიმართა, ხოლო 2012 წლის კონკურს შატო მერემ უმასპინძლა.

« იხ. ყველა ანონსი