2017-04-03

პროფესორ ვინფრიდ ბოედერის დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება თსუ-ში

3 აპრილს 16:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორ ვინფრიდ ბოედერის დაბადებიდან 80 წლისთავისადმი  მიძღვნილი  საიუბილეო  ღონისძიება გაიმართება.

ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, თსუ პრორექტორი მიხეილ ჩხენკელი, სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლები, საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლები, სტუდენტები  დაესწრებიან.

გამოჩენილი გერმანელი ქართველოლოგი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, პროფესორი ვინფრიდ ბოედერი  ხუთ ათეულ წელზე მეტია იღვწის ქართველოლოგიური დარგების განვითარებისა და პოპულარიზაციისათვის. ბატონი ვინფრიდის მიერ ქართველურ და სხვა-არამონათესავე ენათა მასალაზე მაღალი პროფესიონალიზმით გაანალიზებულ თეორიული ლინგვისტიკის, გრამატიკის, სოციოლინგვისტიკის, სემანტიკისა და პრაგმატიკის საკითხებს სახელმძღვანელოდ იყენებენ როგორც კონკრეტული დარგის პროფესორ-მასწავლებლები, ასევე ფართო პროფილის სპეციალისტები და სტუდენტები. პროფესორ ვინფრიდ ბოედერის სახელს უკავშირდება კავკასიოლოგიური ლიტერატურის უმდიდრესი ბიბლიოგრაფიის შექმნა, ქართული ლინგვისტური ნაშრომის თარგმნა გერმანულ ენაზე, წლების განმავლობაში ქართველ მეცნიერთა მონაწილეობით ოლდენბურგის უნივერსიტეტში კავკასიურ ენობრივ პრობლემებზე სიმპოზიუმების ჩატარება.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 202-ე აუდიტორია



« იხ. ყველა ანონსი