2015-04-03

თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და თავდაცვის სამინისტროს შორის

3 აპრილს, 15.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმს  თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრის მეთური, ვიცე-პოლკოვნიკი ლაშა დავითაძე მოაწერენ ხელს.

ღონისძიებას გენერალური შტაბის უფროსი გენერალ მაიორი ვახტანგ კაპანაძე, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი პოლკოვნიკი ლევან ბერია, გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, თსუ პროფესორები და სტუდენტები დაესწრებიან.

მემორანდუმის მიზანია სერჟანტთა მომზადების ცენტრის სამხედრო მოსამსახურეების ცოდნის დონის ამაღლება ლექცია-სემინარების ჩატარებითა და ურთიერთგაცვლითი ვიზიტებით, საერთაშორისო მისიებსა და კონფლიქტების თემებთან დაკავშირებული საკითხების უფრო სიღრმისეულად და დეტალურად შესასწავლად; ცენტრის სამხედრო მოსამსახურეების სამოქალაქო საგანმანათლებლო სექტორთან ინტეგრირების ხელშეწყობის უზრუნველყოფა, რათა უნივერსიტეტის წარმომადგენლებს და სტუდენტებს მიეცეთ საშუალება ჰქონდეთ ახლო ურთიერთობა ცენტრის სამხედრო მოსამსახურეებთან, გაეცნონ საქართველოს შეიარაღებული ძალების გამოცდილებასა და შესაძლებლობებს; ცენტრის სამხედრო მოსამსახურეების და უნივერსიტეტის პერიოდული ურთიერთობის უზრუნველყოფა მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობის მიზნით.

ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად სერჟანტთა მომზადების ცენტრი უნივერსიტეტის სტუდენტებს გააცნობს ცენტრის როლსა და ფუნქციებს შეიარაღებული ძალების ერთიან სისტემაში; შეიარაღებულ ძალებში სერჟანტთა შემადგენლობის როლს, მნიშვნელობასა და დანიშნულებას; ცენტრში არსებულ სასწავლო შეიარაღებასა და აღჭურვილობას. თავის მხრივ, უნივერსიტეტი მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, ხელს შეუწყობს უნივერსიტეტის სტუდენტებისა და ცენტრის სამხედრო მოსამსახურეების დაახლოების უზრუნველყოფას; უზრუნველყოფს ცენტრის სამხედრო მოსამსახურეებისთვის ისეთი საკითხების გაცნობას, როგორიცაა კონფლიქტოლოგია და კონფლიქტის მართვა; უზრუნველყოფს ცენტრის სამხედრო მოსამსახურეებისათვის სოციალური ფსიქოლოგიისა და მისი შემადგენელი ნაწილების კურსის გაცნობასა და სათანადო ტრენინგების ჩატარებას.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 115-ე აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი