2014-02-14

განათლების საერთაშორისო გამოფენა “ექსპო-ჯორჯიაში“

14 თებერვალს, 12.00 საათზე  საგამოფენო  ცენტრ “ექსპო-ჯორჯიაში“ უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლისა და სტუდენტური სერვისების მე-4 საერთაშორისო გამოფენა გაიხსნება.

14 თებერვალს, 15.00 საათზე თსუ-ს პრეზენტაციას უნივერსიტეტის ხარისხის მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თამარ ვეფხვაძე წარმოადგენს. პრეზენტაციას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა და უნივესიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაესწრებიან.

გამოფენის მსვლელობისას აბიტურიენტებს და თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებით დაინტერესებულ პირებს მათთვის საჭირო ინფორმაციას მიაწვდიან ფაკულტეტების დეკანები, ხარისხის მართვის სამსახურის წარმომადგენლები, ასევე სასწავლო პროცესის მართვისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის თანამშრომლები. პრეზენტაციაზე დარიგდება ბუკლეტები და საგაზეთო ჩანართი აბიტურიენტებისთვის  მნიშვნელოვანი ინფორმაციით.
განათლების გამოფენაზე თსუ წარმოდგენილია განსხვავებული კონცეფციით, რომელიც ასახავს უნივერსიტეტის საუკუნოვან ისტორიას და თანამედროვეობას. უნივერსიტეტის სლოგანი კვლავ აერთიანებს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს და   სტუდენტებს და მოუწოდებს მომავალ თაობას “იარე ჩვენთან ერთად“.

კავკასიაში პირველი - თბილისის უნივერსიტეტი 1918 წელს გაიხსნა. ქართული საგანმანათლებლო ტრადიციების გათვალისწინებით, საფუძველი ჩაეყარა საქართველოში ევროპული ტიპის უმაღლეს სკოლას. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ლიდერია დღესაც - თავისი მასშტაბითა და სწავლების ხარისხით: უნივერსიტეტის 6 ფაკულტეტზე (ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ეკონომიკისა და ბიზნესის, მედიცინის და იურიდიული ფაკულტეტები) 20 000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს; თსუ-ს შემადგენლობაშია 16 სამეცნიერო ინსტიტუტი, ასევე ფაკულტეტებზე არსებობს  სხვადასხვა მიმართულების კვლევითი ინსტიტუტები და ცენტრები; თსუ-ს აქვს უნიკალური ფონდების მქონე ბიბლიოთეკა და მუზეუმი.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 201 საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო, პროფესიული და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა  მოქმედებს.

უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლისა და სტუდენტური სერვისების მე-4 საერთაშორისო გამოფენა 14-15 თებერვალს გაიმართება. ექსპო-ჯორჯიას საგამოფენო სივრცეში 110 ორგანიზაცია იქნება წარმოდგენილი. გამოფენაში მონაწილეობენ საგანმანათლებლო ორგანიზაციები: უნივერსიტეტები, კოლეჯები და უმაღლესი სკოლები საქართველოდან და უცხოეთიდან (აშშ; დიდი ბრიტანეთი; იტალია; ბულგარეთი; არაბთა გაერთიანებული საემიროები; სომხეთი; თურქეთი; პოლონეთი; ესტონეთი; ჰოლანდია; ლატვია; რუსეთი; ლიტვა).


მისამართი: წერეთლის № 118, საგამოფენო ცენტრი "ექსპო ჯორჯია", მე-11 პავილიონი



« იხ. ყველა ანონსი