2010-02-15

ომს გადარჩენილი წიგნები



     ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გერმანიის საელჩოსთან ერთად ნადავლი ფონდის გადარჩენის პროექტს იწყებს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საქართველოში მოხვედრილი წიგნების აღდგენისა და გერმანიაში დაბრუნების პროცესი რამდენიმე ეტაპად გაიწერა. პროექტის დაწყებამდე გერმანიის საელჩო სახელმწიფო უნივერსიტეტს წიგნების გამოსაშრობ აპარატებს გადასცემს, რომელიც წიგნების სპეციალური დამუშავებისთვის აუცილებელია.
     მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანული ქალაქების დაბომბვის შედეგად სხვადასხვა ბიბლიოთეკიდან მილიონამდე წიგნის ევაკუაცია განხორციელდა. სპეციალურ საცავებში გადანახული წიგნების რამდენიმე მილიონი ეგზემპლიარი ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ტერიტორიაზე გადანაწილდა; საბჭოთა კავშირში მოხვედრილი წიგნების ნაწილი კი 90-იან წლებში საქართველოში  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. მანამდე 1996 წელს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით თბილისში აღმოჩენილი 100.000-მდე წიგნი გერმანიაში დააბრუნეს.
     ნადავლი ფონდის წიგნები 60 წელზე მეტი საცავში ინახებოდა, რის შედეგადაც მათი უმეტესი ნაწილი სოკოს ობით დაიფარა. ამ დროისათვის ნადავლი ფონდი ასი ათასამდე წიგნს მოიცავს. საცავში სხვადასხვა ბიბლიოთეკიდან შეგროვებულ წიგნებთან ერთად გერმანული ბიბლიოთეკის – “ლეოპოლდინას” ბეჭდიანი წიგნებიც ინახება. ამ დროისათვის გამოკვლეული მასალიდან ექსპრტებმა 1656 წელს გამოცემული წიგნის ეგზემპლიარიც აღმოაჩინეს.
     ძვირფასი მასალა გერმანიაში მას შემდეგ გაიგზავნება, რაც გერმანიის საელჩოსა და სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის განხორციელება დაიწყება. წიგნების აღდგენის პროექტის დაწყებამდე მაღლივი კორპუსის საცავში აღმოჩენილი, მეორე მსოფლიო ომს გადარჩენილი წიგნები სპეციალური საშრობი აპარატის მეშვეობით დამუშავდება. წიგნების გადარჩენის პროექტი სამ ეტაპს მოიცავს. პირველი საფეხური წიგნების გარეგან დამუშავებას გულისხმობს, შემდეგ დაზიანებული ბეჭდური მასალა დრეზდენში გამადასხივებას გაივლის, ხოლო ბოლო ეტაპზე წიგნების თითოეული გვერდი გასუფთავდება. ექსპერტების შეფასებით პროექტის განხორციელების შემდეგ ფონდში დაცული წიგნებიდან უმეტესი ნაწილის გადარჩენა შესაძლებელია.





თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მის: ჭავჭავაძის №3
ტელ: 22 23 91;  36 88 50
ელ.ფოსტა: tsupr@tsu.ge
« იხ. ყველა ანონსი