2014-09-18

გივი გაჩეჩილაძის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები თსუ-ში

18 სექტემბერს, 10.30 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება მთარგმნელის, პოეტისა და მხატვრული თარგმანის თეორეტიკოსის გივი გაჩეჩილაძის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „მხატვრული თარგმანი - ერებისა და ლიტერატურების  შეხვედრის ადგილი.“ ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, ქართველი და უცხოელი სპეციალისტები, თსუ აკადემიური წრეების წარმომადგენლები და სტუდენტები დაესწრებიან.

კონფერენციაზე უცხოელი და ქართველი მეცნიერები  წაიკითხავენ მოხსენებებს თარგმანის სოციოკულტურულ, ეთნოლინგვისტურ და ფსიქოლინგვისტურ ასპექტებზე, კულტურათაშორის კომუნიკაციასა და კულტურათა დიალოგზე, ეკვივალენტობის პრობლემაზე თარგმანსა და ორენოვან ლექსიკოგრაფიაში, მხატვრულ თარგმანზე თანამედროვე მსოფლიოში და მისი განვითარების პერსპექტივებზე, თარგმანის ტრადიციასა და თეორიაზე.

ღონისძიების ფარგლებში თსუ მუზეუმი აწყობს ფოტო გამოფენას ( 19 სექტემბერი, 17.00 სთ), რომელზეც წარმოდგენილი იქნება გივი გაჩეჩეჩილაძის ცხოვრების ამსახველი ფოტოები, დოკუმენტები, ხელნაწერები, თარგმანები, გამოკვლევები, მემორიალური ნივთები.  თსუ სააქტო დარბაზში გაიმართება საიუბილეო საღამო, რომელზეც ნაჩვენები იქნება გივი გაჩეჩილაძის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ფილმი „თავშესაფარი - პოეტური თარგმანი“ ( 19 სექტემბერი, 18.00 სთ).

გივი გაჩეჩილაძის ცხოვრება უკავშირდებოდა როგორც სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას, ასევე მთარგმნელობით საქმიანობას. იგი სხვადასხვა დროს იყო თსუ-ს პროფესორი, ინგლისური ფილოლოგიის კათედრის გამგე, ხელმძღვანელობდა საქართველოს სსრ მწერალთა კავშირის მხატვრული თარგმანის სექციას.  მან თარგმნა შექსპირის სონეტი და პიესები. ასევე ბრიტანელი, ამერიკელი, რომაელი, ფრანგი, გერმანელი, რუსი პოეტების ნაწარმოებები. საეტაპო მნიშვნელობისაა 1959 წელს გამოცემული მისი მონოგრაფია „მხატვრული თარგმანის თეორიის საკითხები“.

გივი გაჩეჩილაძის ნაშრომები ქვეყნდებოდა რუსეთში, იბეჭდებოდა მოსკოვსა და საზღვარგარეთ. მხატვრული თარგმანის მისეულმა თეორიამ დიდი გამოხმაურება ჰპოვა სამეცნიერო სამყაროში და ბევრი სპეციალისტის მოწონება დაიმსახურა. მისი ინიციატივით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1960 წელს შეიქმნა მხატვრული თარგმანის სპეციალობა.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 107-ე (ივ. ჯავახიშვილის სახელობის) აუდიტორია
 

« იხ. ყველა ანონსი