2014-12-09

თსუ-ში მონოგრაფიული პალეონტოლოგიური მუზეუმი გაიხსნება

9 დეკემბერს, 16.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მონოგრაფიული პალეონტოლოგიური მუზეუმი გაიხსნება.  ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, სტუდენტები, პროფესორები, მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

საქართველოში პალეონტოლოგიური მუზეუმი თბილისის უნივერსიტეტში 1926 წელს ალექსანდრე ჯანელიძემ დააარსა. ალექსანდრე ჯანელიძემ ამ დარგში უმაღლესი განათლება საფრანგეთის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში, ქალაქ გრენობლში მიიღო, რომელსაც მდიდარი პალეონტოლოგიური მუზეუმი გააჩნდა. აქ წარმოდგენილი იყო მსოფლიოს  სხვადასხვა მხარეში მოპოვებული პალეონტოლოგიური მასალა და შესაბამისი ლიტერატურა. ამიტომ, გრენობლის უნივერსიტეტი სტუდენტი-პალეონტოლოგებისათვის სამეცნიერო ცენტრად გადაიქცა.

ალექსანდრე ჯანელიძემ გრენობლის უნივერსიტეტში არსებული სამუზეუმო კარადების, ვიტრინებისა და სტელაჟების ზუსტი ნახაზები გადმოიღო, რის მიხედვითაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შესაბამისი სამუზეუმო ავეჯი დაამზადებინა. პირველი კოლექცია ალექსანდრე ჯანელიძის მიერ აღმოჩენილი ამუნიტების განსაკუთრებული ნაირსახეობა ე.წ. კოლხიდიტები გახლდათ.

მონოგრაფიული პალეონტოლოგიური მუზეუმი უნივერსიტეტის პირველი კორპუსში იყო განთავსებული. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიის ინსტიტუტის დაარსების შემდეგ, მუზეუმი გეოლოგიის ინსტიტუტში გადაიტანეს. მოგვიანებით გეოლოგიის ინსტიტუტი თსუ-ს შემოუერთდა. აღნიშნული მუზეუმის გამდიდრებული კოლექცია კი კვლავ უნივერსიტეტს დაუბრუნდა.

მონოგრაფიული პალეონტოლოგიური მუზეუმის კოლექციების სადემონსტრაციო ნაწილი 30 000 ერთეულს შეადგენს.

მისამართი: უნივერსიტეტის ქ. 13, თსუ XI კორპუსი (ბიოლოგების კორპუსი)

« იხ. ყველა ანონსი