2017-09-29

თსუ-ში SMART|AtmoSim ლაბორატორია გაიხსნება

29 სექტემბერს, 15.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იულიხის (გერმანია) კვლევითი ცენტრის ენერგიებისა და კლიმატის ინსტიტუტის ტროპოსფეროს (FZJ IEK-8) ლაბორატორიის და თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის თანამშრომლობის საფუძველზე SMART|AtmoSim ლაბორატორია გაიხსნება.

ლაბორატორია სპეციალიზებული იქნება ატმოსფეროს ანალიზებზე, რომელიც მოიცავს ატმოსფეროს ქიმიურ ანალიზს, ასევე შედეგების მათემატიკურ დამუშავებას და ატმოსფეროს მდგომარეობის მათემატიკური მოდელის შექმნას. ლაბორატორიაში იმუშავებენ სამივე საფეხურის სტუდენტები, რომლებიც უშუალოდ ჩაერთვებიან ჰაერის ნიმუშების აღებაში, ანალიზსა და მათემატიკური სიმულაციების შედგენაში. ჰაერის ხარისხის შეფასების გარდა, ჩატარდება ატმოსფეროს დეტალური ანალიზი და მოდელირება, ასევე შემუშავდება ანალიზის ახალი მეთოდები და ტექნიკა, მათ შორის, ატმოსფეროს ანალიზისთვის დრონების შექმნა.

ლაბორატორიის გახსნის შემდეგ გაიმართება ღონისძიება, რომელშიც ქართული და გერმანული აკადემიური და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.3, თსუ II კორპუსი, 353-ე ოთახი
« იხ. ყველა ანონსი