2014-07-11

კონკურსის “მისია 2014” ფინალი და გამარჯვებულების დაჯილდოების საღამო

11 ივლისს, 16:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური კონკურსის - „მისია 2014“ ფინალი და დაჯილდოების საღამო გაიმართება. 6 გუნდი ჟიურის წინაშე კომპანია „შპს სანტე-ჯი-ემ-თი პროდუქტები“-ს ორ ბრენდზე - „სანტისიმო“ და „სანტინო“ შექმნილი პრეზენტაციებით წარდგება.

თსუ-ს სტუდენტური კონკურსი მარკეტინგსა და პიარში უნივერსიტეტის ყოველწლიური პროექტია, რომელსაც უნივერსიტეტი და წარმატებული ქართული ბრენდი ერთობლივად ახორციელებენ. ყოველწლიურად კონკურსის მონაწილე ბრენდი იცვლება და კონკურსანტები ახალ იდეებს ახალი პარტნიორისთვის ქმნიან. 2014 წელს კონკურსის თანაორგანიზატორი კომპანია „შპს სანტე-ჯი-ემ-თი პროდუქტებია“.

ჟიურის შემადგენლობაში უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, კომპანია „შპს სანტე-ჯი-ემ-თი პროდუქტები“-ს გენერალური დირექტორის მოადგილე ერეკლე გამყრელიძე, „ვენდის“ მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი სოფო ჩოგოვაძე, კომპანია „ჯეოსელის“ მარკეტინგის დეპარტამენტის წარმომადგენელი ნიკა გვეცაძე და კონკურსის 2012 წლის გამარჯვებული, პიარ სკოლის კოორდინატორი თეიმურაზ ბაბუციძე შედიან.

ჟიური სამ საუკეთესო გუნდს გამოავლენს, გამარჯვებულებზე პარტნიორი კომპანიის მიერ დაწესებული კონკურსის საპრიზო ფონდი 5000 ლარი გადანაწილდება:
I ადგილი - 2500 ლარი
II ადგილი - 1500 ლარი
III ადგილი - 1000 ლარი

ფინალში გასულ ყველა მონაწილეს კონკურსის სერტიფიკატები და ორგანიზატორების სამახსოვრო საჩუქრები გადაეცემა. უნივერსიტეტის კიდევ ერთმა პარტნიორმა ინტერნეტ მაღაზიამ BE.ge გამარჯვებული გუნდების ყველა წევრისთვის მეხსიერების ბარათები და ფასდაკლების ვაუჩერები დააწესა.

კონკურსის მიზანია სტუდენტების ახალი იდეების განხორციელებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, კონკურსის გამარჯვებული სტუდენტების პარტნიორ კომპანიასთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა და სამომავლო დასაქმების პერსპექტივის ზრდა. კონკურსანტებს საშუალება ეძლევათ გახდნენ კომპანიის მარკეტინგისა და პიარის ვირტუალური მენეჯერები, დაგეგმონ კონკრეტული აქტივობები, გაიმარჯვონ კონკურსში, მოიპოვონ ფულადი პრემია და განახორციელონ თავიანთი იდეები.

სტუდენტურ კონკურსში მონაწილეობა უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის 58 გუნდმა მიიღო, შემოსული პროექტებიდან შიდაშესარჩევმა ჟიურიმ 6 საუკეთესო გამოავლინა.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის №1 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, აუდიტორია №107

« იხ. ყველა ანონსი