2014-04-13

„საუბრები თავისუფლებაზე“

13 აპრილს, 14.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და რუსთაველის თეატრი წარმოადგენს ერთობლივ საგანმანათლებლო-ინტელექტუალურ პროექტს „საუბრები თავისუფლებზე“. პროექტის პირველი სტუმარია თსუ რექტორის მოადგილე, პროფესორი მარინე ჩიტაშვილი.

პროექტის „საუბრები თავისუფლებაზე“ მიზანია თავისუფლების რაობის ფილოსოფიური, ფსიქოლოგიური და სხვა ასპექტების ანალიზი.     პროექტის ფარგლებში მოეწყობა გამოფენა. გამოფენილი იქნება რუსთაველი თეატრის მუზეუმში დაცული ექსპონატები, რომლებიც რუსთაველის თეატრში თავისუფლების იდეის გარშემო არსებული დადგმების ისტორიას ასახავს.

პროექტი განკუთვნილია თსუ-ის და სხვა უნივერსიტეტების ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის, რომლებიც ინგლისურ ლიტერატურას და ზოგადად, დასავლეთ ევროპის ყველა მნიშვნელოვანი მწერლის, ხელოვანის თუ მოაზროვნის შემოქმედებას სწავლობენ.

პროექტი ხელს შეუწყობს თავისუფლების იდეის უფრო ღრმად გააზრების, შესწავლისა და მომავალში კვლევით საქმიანობას, როგორც თეატრალურ-სახელოვნებო ასევე მხატვრულ და აზრობრივ სივრცეში. ასევე, ამგვარი ინტელექტუალური და სახელოვნებო ღონისძიებები ხელს შეუწყობს სტუდენტების ინტელექტუალურ და სულიერ განვითარებას.

პროექტის ავტორი და მოდერატორია თსუ ფილოლოგიის დოქტორი დავით მაზიაშვილი. რუსთაველის თეატრი და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მომავალშიც გეგმავენ ერთობლივი საგანმანათლებლო, სამეცნიერო და სახელოვნებო პროექტების განხორციელებას.

მისამართი: რუსთაველის გამზ. 17, რუსთაველის თეატრი

« იხ. ყველა ანონსი