2010-07-06

ქართული სათვისტომოს წარმომადგენელი სტუმრად თსუ-ში

6 ივლისს, 14.00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი ხუბუა აშშ-ში ქართული სათვისტომოს წარმომადგენელს ნიკო თოფურიას შეხვდება. თსუ-ის რექტორთან შეხვედრამდე ნიკო თოფურია თსუ-ის ემიგრაციის მუზეუმს ესტუმრება. დაგეგმილია მისი შეხვედრა თსუ-ის ქიმიის კათედრის წარმომადგენლებთან. ნიკო თოფურია საქართველოში 2 დღის წინ ჩამოვიდა. ის შეხვდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს. თოფურია მოგვიანებით მარტვილის რაიონის სოფ.ხუნწში მშობლიურ სახლ-კარსაც მოინახულებს..

  ნიკო თოფურია თსუ-ის ქიმიის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი იყო, როცა მეორე მსოფლიო ომში საბრძოლველად წავიდა. ომის მსვლელობისას ის ტყვედ ჩაუვარდა გერმანელ ნაცისტებს. აშშ-ში გადასვლამდე იგი იტალიაში იმყოფებოდა.

  აშშ-ში ნიკო თოფურია 30 წლის მანძილზე ქართველთა სათვისტომოს მდივანი იყო. სათვისტომო გამოსცემდა ქართულენოვან გაზეთებს, აგზავნიდა საარქივო მასალებს საქართველოში. მას ჰყავს მეუღლე _ ქართველი ემიგრანტის ერთაოზ რამიშვილის შთამომავალი, ასევე 2 შვილი და შვილიშვილი. ნიკო თოფურია საქართველოში 1996 წელსაც იმყოფებოდა, რის შემდეგაც ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოსცა წიგნი "დაბრუნება 55 წლის შემდეგ."
« იხ. ყველა ანონსი