2014-03-01

"დიგიტალური ჰუმანიტარია – ქართველოლოგია და XXI საუკუნის გამოწვევები"

1 მარტს, 12.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზამთრის  სკოლის დასკვნითი ღონისძიება გაიმართება. ღონისძიების საზეიმო დახურვაზე ზამთრის სკოლის მონაწილეები სერტიფიკატებით დაჯილდოვდებიან.

18-24 თებერვალს ბაკურიანში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და მაინის ფრანკფურტის გოეთეს სახელობის უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტის ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა ზამთრის სკოლა თემაზე: "დიგიტალური ჰუმანიტარია – ქართველოლოგია და XXI საუკუნის გამოწვევები". აღნიშნული პროექტი დაფინანსდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობის პროგრამის „ზამთრის სკოლების დაფინანსების ქვეპროგრამის“ ფარგლებში.

ბაკურიანის ზამთრის სკოლა მონაწილეები გაეცნენ ქართული ენის კორპუსის შექმნის მეთოდოლოგიურ პრინციპებს, კორპუსზე ორიენტირებული კვლევების თეორიულ საფუძვლებს და აითვისეს დიგიტალური კვლევის პრაქტიკული უნარ-ჩვევები.  აგრეთვე, გაეცნენ ონლაინ სწავლების ინოვაციური სისტემის OLAT-ის (OLAT – Online Learning And Training) შესაძლებლობებს და ქართველოლოგიაში თანამედროვე ტექნოლოგიური ელექტრონული სასწავლო გარემოს შესაქმნელად  სწავლების ახალ ფორმატს eLecture-ს (ელექტრონული ლექციები). სალექციო კურსების მოსმენის შემდგომ სტუდენებს მიეცათ კონკრეტული ჯგუფური დავალებები.

ბაკურიანის ზამთრის სკოლაში მონაწილეობა  34  სტუდენტმა მიიღო, მათგან 17 – თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი, ხოლო 17 – საქართველოს სხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, საქართველოს უნივერსიტეტიდან და თავისუფალი უნივერსიტეტიდან.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე აუდიტორია (ჯავახიშვილის სახელობის სხდომათა დარბაზი)

« იხ. ყველა ანონსი