2013-01-30

TEMPUS -ის პროექტი „სტუდენტური საკარიერო სერვისების განვითარება საქართველოში“

30 იანვარს, 09.30 საათზე  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში TEMPUS-ის საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის  „სტუდენტური საკარიერო სერვისების განვითარება საქართველოში“ (CASEDE) სტუდენტთა კარიერის მართვის კომპეტენციების ჩარჩოს განხილვა გაიმართება. ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან როგორც პროექტის პარტნიორი უნივერსიტეტები, ასევე საქართველოში არსებული სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები.
პროექტი „სტუდენტური საკარიერო სერვისების განვითარება საქართველოში“ (CASEDE) 2012 წელს დაფინანსდა. მისი მიზანია ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის რეფორმირების პროცესში  შეიტანოს წვლილი.
პროექტის ფარგლებში იგეგმება საკარიერო ცენტრების მრჩეველთა და სტუდენტთა გადამზადება,  კარიერის შექმნისა  და მართვისთვის საჭირო კომპეტენციების განვითარების მიზნით და სტუდენტთა კარიერის მართვის კომპეტენციების ეროვნული ჩარჩოს შექმნა.
პროექტის განხორციელების შედეგად საქართველოს შრომის ბაზარზე უნდა გაუმჯობესდეს სტუდენტთა დასაქმების მაჩვენებლები, განვითარდეს და დაინერგოს კარიერული ზრდისა და განვითარებისთვის საჭირო კომპეტენციები.
პროექტის დასრულების შემდგომ, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო ბაზარზე, სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემათ დამოუკიდებლად დაგეგმონ მათი მომავალი კარიერა, განსაზღვრონ   დასაქმებისათვის აუცილებელი პიროვნული და გარე ფაქტორები და სწორად წარმართონ საკუთარი კარიერული მისწრაფებები.
პროექტის ფარგლებში უნდა მოხდეს შედეგების ადაპტაცია როგორც პარტნიორ უნივერსიტეტებში, ისე  ყველა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.  
პროექტი „სტუდენტური საკარიერო სერვისების განვითარება საქართველოში“   2014 წლის ოქტომბერში დასრულდება.

პროექტში   შემდეგი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები მონაწილეობენ :
  • ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი (ქ. ახალციხე)
  • შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (ქ. თბილისი)
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ქ. თბილისი)
  • შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ქ.ბათუმი)
  • შოთა მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი (ქ.ზუგდიდი)
  • იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის  სახელმწიფო უნივერსიტეტი (ქ. თელავი)
  • საქართველოს უნივერსიტეტი (ქ.თბილისი)
  • ვილნიუსის უნივერსიტეტი (ლიტვა)
  • კორვინუსის უნივერსიტეტი (ბუდაპეშტი)
  • ესექსის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი)

პროექტის პარტნიორია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და „ერნსტ ენდ იანგ ბალტიკა“.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, აუდიტორია №06




« იხ. ყველა ანონსი