2016-11-14

უნიკალური ხელნაწერი რუკების გამოფენა თსუ-ში

14 ნოემბერს, 14:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უნიკალური ხელნაწერი რუკების გამოფენა გაიმართება. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საერთაშორისო კარტოგრაფიული კავშირის პრეზიდენტი, პროფესორი მენო იან კრააკი, სტუდენტები, პროფესორები, მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

წარმოდგენილ ხელნაწერ რუკათა შორის უძველესია მე-18 საუკუნეში შედგენილი რუკები: ტიმოთე გაბაშვილის დასავლეთ საქართველოს (იმერეთის) რუკა და ვახუშტი ბაგრატიონის საქართველოს რუკა. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ივანე ჯავახიშვილის 1913 წლის ხელნაწერი რუკა (საქართველოს საისტორიო რუკა VII-XII სს, შედგენილი ძველი წყაროების მიხედვით) და სვიმონ ციციშვილის ძველი საქართველოს ანუ გიორგიის რუკა (1935-1936 წწ.), პარიზში ემიგრაციაში ყოფნისას შედგენილი რუკა. როგორც ფიქრობენ, რუკის შედგენისას მას კონსულტაციას უწევდა იმხანად პარიზში მცხოვრები ექვთიმე თაყაიშვილი.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ცნობილი გეოგრაფისა და კარტოგრაფის  ალექსანდრე ასლანიკაშვილის ავტორობით ან რედაქტორობით შედგენილი რუკები და ატლასები: საქართველოს სსრ კურორტები და საკურორტო რესურსები (1989), საქართველოს სსრ ატლასი (1964 წ.) და სხვა.

ექსპოზიციაში გამოფენილი იქნება დემურ ტაბიძის მიერ შედგენილი ფიზიოგრაფიული რუკები, ე.წ. ჩიტის თვალით დანახული საქართველოს ულამაზესი ხედები; თსუ სტუდენტების მიერ შესრულებული ნამუშევრებიც, ასევე სკოლის მოსწავლეთა კარტოგრაფიული  ნამუშევრებიც. გამოიფინება როგორც რუკის დედნები, ასევე მათი ასლები. რუკების ნაწილი დაცულია თსუ გეოგრაფიის მუზეუმის, გეოგრაფიის დეპარტამენტის, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, სხვა უწყებების ფონდებსა და კერძო კოლექციებში.

უნიკალური ხელნაწერი რუკების გამოფენა თსუ-ში გეოგრაფისა და კარტოგრაფის ალექსანდრე ასლანიკაშვილის დაბადების 100 წლის იუბილეს ეძღვნება.

მისამართი:  ი. ჭავჭავაძის გამზ. #1, თსუ პირველი კორპუსი, მე-3 სართული, თსუ  მუზეუმი


« იხ. ყველა ანონსი