2015-05-14

ამერიკისმცოდნეობის მეთექვსმეტე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია

14 მაისს, 11:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტის და ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაციის ორგანიზებით ამერიკისმცოდნეობის მეთექვსმეტე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნება. კონფერენცია  ამერიკის სამოქალაქო ომის დასრულების 150-ე წლისთავს ეძღვნება.

კონფერენციის გახსნას დაესწრება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი, საქართველოში ბრაზილიის რესპუბლიკის ელჩი კარლოს ალბერტო ლოპეზ ასფორა,  ამერიკელი დიპლომატები, პროფესორები, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები და სტუდენტები.   

კონფერენციის 130 მონაწილე წაიკითხავს მოხსენებებს როგორც კონფერენციის მთავარი თემის, ასევე ამერიკის ისტორიის, პოლიტიკის, განათლების, რელიგიის, ლიტერატურის, ხელოვნების, ფილოსოფიის, მედიის, სამართლის, ეკონომიკის, სოციალურ და ქალთა საკითხების შესახებ.    

კონფერენციის მიზანია ამერიკის ისტორიის, სოციალური და პოლიტიკური ინსტიტუტების, საშინაო და საგარეო პოლიტიკის, კულტურის, ფილოსოფიის, ღირებულებების შესწავლა და ცოდნის გავრცელება, ქართულ-ამერიკული ურთიერთობის შესწავლა, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში ამერიკის პრობლემატიკით დაინტერესებული პროფესორების, სტუდენტების შეკრება და მათი სამეცნიერო მუშაობის სტიმულირება და ქართველ ამერიკისმცოდნეთა მუშაობის კოორდინირება და მათი კონტაქტების გაღრმავება უცხოელ, უპირველესად, ამერიკელ კოლეგებთან.    

კონფერენციის 16 მაისსამდე  გასტანს.    

მისამართი : ი. ჭავჭავაძის №1,  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსი, 206-ე აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი