2018-12-18

საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის შეხვედრა თსუ სტუდენტებთან

18 დეკემბერს, 13:30 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპისმცოდნეობის ინგლისურენოვანი, ინტერდისციპლინური სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების, ასევე საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის სტუდენტებთან შეხვედრას გამართავს საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი. სტუდენთებთან შეხვედრაზე ევროკავშირის ელჩი ისაუბრებს თემაზე: "ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის წარმოშობა და განვითარება".

ღონისძიებას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი თსუ საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტთან (იურიდიული ფაკულტეტი) ერთად უმასპინძლებს. მსგავსი ტიპის შეხვედრები ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელთან 2010 წლიდან სისტემატურად იმართება. 

1992 წელს კარლ ჰარცელი გახლდათ მკვლევარი სტოქჰოლმის აღმოსავლეთ ევროპის ეკონომიკის ინსტიტუტში; 1996-1999 წლებში მუშაობდა შვედეთის თავდაცვისა და საგარეო ურთიერთობების სამინისტროებში; 2005-2013 წლებში სხვადასხვა დროს იყოს ჰავიერ სოლანას უმაღლესი წარმომადგენლობის ევროკავშირის პოლიტიკის განყოფილების წევრი, ევროკავშირში შვედეთის მუდმივი წარმომადგენლობის - ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტში მინისტრის მრჩეველი, უმაღლესი წარმომადგენლის - ვიცე პრეზიდენტ ქეთრინ ეშტონის კაბინეტის წევრი. კარლ ჰარცელი ასევე გახლდათ ვაიომინგის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი; 2013-2018 წლებში მუშაობდა EEAS-ის მთავარი მდივნის უფროს მრჩევლად და ევროპის საბჭოს პრეზიდენტის - დონალდ ტუსკის მრჩევლად საგარეო პოლიტიკის საკითხებში; ხოლო 2018 წლიდან ასრულებს საქართველოში ევროკავშირის ელჩის მოვალეობას.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევებისა და საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტები დაინტერესებულ პირებს/სხვა ფაკულტეტების სტუდენტებს სთავაზობენ დამატებით თხუთმეტამდე ადგილს კარლ ჰარცელთან შეხვედრაზე დასასწრებად. მხოლოდ პირველი 15 პირი, რომელიც დარეგისტრირდება ელ-ფოსტაზე info.ies@tsu.ge შეძლებს ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებას.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, მუზეუმი.
« იხ. ყველა ანონსი