2018-11-21

SciFinder - ქიმიისა და მომიჯნავე მეცნიერებებში ინფორმაციის ძიების ინსტრუმენტი

21 ნოემბერს, 12.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება სემინარი, რომელზეც წარმოდგენილი იქნება CAS-ის (ქიმიური რეფერატების სერვისი) აპლიკაციის SciFinder-ის მნიშვნელობა ქართველი მეცნიერებისათვის.

CAS არის ინფორმაციის უმსხვილესი წყარო ქიმიისა და მომიჯნავე მეცნიერებების (აგროქიმია, ბიოქიმია, ფარმაკოლოგია, ბიოლოგია, ეკოლოგია, სოფლის მეურნეობა, ფიზიკა) დარგებში. ეს არის მსოფლიოში ერთადერთი ორგანიზაცია, რომლის მიზანს ქიმიური ნივთიერებების შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაციის მოძიება, შეგროვება და სისტემატიზაცია წარმოადგენს.

SciFinder CAS-ის მიერ შემუშავებული ინსტრუმენტია, რომელიც ქიმიური და მომიჯნავე მეცნიერების სფეროს რეფერატების, ნივთიერებების და რეაქციების აღმწერ მსოფლიოს ყველაზე დიდ მონაცემთა ბაზაში შეუზღუდავი წვდომის საშუალებას იძლევა. ყველა ინფორმაცია, რომელიც SciFinder-ში ხვდება, CAS-ის ექსპერტების მიერ ინდექსირდება. ისინი ინფორმაციის ინდექსირებას 50 ენაზე, მათ შორის, ქართულ ენაზეც უზრუნველყოფენ.

სემინარზე გაიმართება პრაქტიკული ტრენინგი (SciFinder-ის სერვისის დემონსტრირება კონკრეტულ მაგალითებზე; ბაზაში პუბლიკაციების, პატენტების, ქიმიური ნაერთებისა და რეაქციების ძიება). დამსწრეები მიიღებენ სერვისზე უფასოდ წვდომის ერთთვიან პერიოდს.

ღონისძიების ორგანიზატორია თსუ რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტი ტექინფორმი.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 101-ე აუდიტორია.


« იხ. ყველა ანონსი