2017-06-05

შემოდგომის ლექციები -2017

5 ივნისს, 14.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება QUALI-Start-Up ლექციებთან დაკავშირებული ღონისძიების გახსნის ცერემონია. ღონისძიებას დაესწრებიან თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენელი, იულიხის (გერმანია) კვლევითი ცენტრის დელეგაცია (ბირთვული კვლევების (IKP), ნეირომეცნიერებათა (INM), კლიმატისა და ენერგიის კვლევის (IEK), და ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის  ინსტიტუტის (ZEA) დირექტორები - ჰანს შტროერი, ბერნტ ნოიმაიერი, ანდრეას ვანერი და გალებ ნატუარი, სტუდენტები, პროფესორები.

QUALI-Start-Up ლექციების კურსი „შემოდგომის ლექციები თბილისში“ პროექტის (2013, 2015) გაგრძელებაა, რომელიც იულიხის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში ჩატარდება. ლექციების თემატიკა მოიცავს ექსპერიმენტული და თეორიული ფიზიკის  (ბირთვული ფიზიკა, ნანოტექნოლოგიები, სამედიცინო ფიზიკა), ქიმიის (ენერგიისა და კლიმატის კონტროლი), სიცოცხლისშემსწავლელი მეცნიერებებისა და ჯანმრთელობის, მათემატიკის, ინჟინერიისა და ტექნოლოგიების მიმართულებებს. შემოდგომის ლექციებზე დასასწრებად სტუდენტები კონკურსის წესით შეირჩევიან თსუ-დან, სტუ-დან, ილიაუნიდან და აგრიუნიდან.
   
ღონისძიებაზე თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ახალი ლაბორატორიის SMART|Atmo გასახსნელად თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერება ხელი. მსგავსი ლაბორატორია SMART|EDM_Lab უკვე ფუნქციონირებს თსუ-ში. ამ სახის ლაბორატორიებმა უნდა შექმნას უცხოეთში წარმატებულად მოღვაწე ახალგაზრდა მეცნიერთა საქართველოში დაბრუნების პრეცედენტები. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიები, რომელშიც შესრულდება იულიხის ინსტიტუტებში არსებულ მსგავს ლაბორატორიებში მიმდინარე კვლევების მნიშვნელოვანი ნაწილი. კვლევებში აქტიურად ჩაერთვებიან სტუდენტებიც.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე (ივ. ჯავახიშვილის სახელობის) აუდიტორია


« იხ. ყველა ანონსი