2013-07-19

პროექტის - განათლებისა და სამუშაო შესაძლებლობების ხელმისაწვდომობა ახალგაზრდა მსჯავრდებულთათვის - შედეგების პრეზენტაცია თსუ-ში

19 ივლისს, 17:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება პროექტის ,,განათლებისა და სამუშაო შესაძლებლობების ხელმისაწვდომობა ახალგაზრდა მსჯავრდებულთათვის” შედეგების პრეზენტაცია.

პროექტმა 2011 წელს აშშ-ის პროგრამების მონაწილეთა ჩართულობის ინოვაციური ფონდის (AEIF) მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა. იგი დააფინასა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის საკითხთა ბიურომ (ECA). პროექტი განხორციელდა აშშ პროგრამის მონაწილეების (ALUMNI) მიერ, აიიპ ,,სამოქალაქო ცნობიერების განვითარების ცენტრის” მეშვეობით, ამერიკის საელჩოს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მხარდაჭერით და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე.

პროექტი მიზნად ისახავდა  თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში განათლების მიღების ხელშეწყობას, მსჯავრდებულების ხელახლა ჩართვას სწავლაში, პატიმრების ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეძენასა და გაღრმავებას, სამუშაოს მოპოვების შესაძლებლობის გაადვილებას, პატიმართა რეინტეგრაციას საზოგადოებაში, აგრეთვე, განმეორებითი დანაშაულის პრვენციასა და, შესაბამისად, საზოგადოების მეტ დაცულობას.
ღონისძიებას დაესწრებიან: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, საქართველოში აშშ-ის საელჩოს, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და აშშ პროგრამების მონაწილეები.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება პატიმარ ქალთა ნამუშევრების გამოფენა.

მისამართი: ი. ჭავჭაძის გამზ. 1, უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი


« იხ. ყველა ანონსი