2017-04-19

მოძრაობის „არაბარბარიზმებს“ ღონისძიება-აქცია თსუ-ში

19 აპრილს, 13.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება მოძრაობის „არაბარბარიზმებს“ პირველი ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება-აქცია. ქართული ენის დღესთან დაკავშირებით უნივერსიტეტის მიერ დაწესებული ჯილდო პირველად გადაეცემა ერთ ჟურნალისტს, ერთ საზოგადო მოღვაწეს, ერთ უცხოელ ქართველოლოგს და საქართველოში მოღვაწე ერთ დიპლომატს გამორჩეული ლიტერატურული ქართული ენით მეტყველებისათვის. გამარჯვებულებს გამოავლენს უნივერსიტეტის პროფესორებისგან და საზოგადო მოღვაწეებისგან შექმნილი სპეციალური კომისია.    

უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიული ცენტრი საზოგადოებას წარუდგენს მოძრაობის ფარგლებში შექმნილ „ბარბარიზმების ლექსიკონს“ და განაცხადებს იმ ძირითადი მიმართულებების შესახებ, რითაც მოძრაობა „არაბარბარიზმებს“ გაგრძელდება მომავალში. „ბარბარიზმების ლექსიკონის“ საზოგადოებისათვის წარდგენის შემდეგ იგი აიტვირთება ინტერნეტში მოძრაობის გვერდზე და ხელმისაწვდომი იქნება ყველასათვის. მზადდება რუსულენოვანი და ინგლისურენოვანი ბარბარიზმების ონლაინ-ვერსია ერთიანი საძიებო სისტემით, რომელიც მალე განთავსდება ინტერნეტში მისამართზე: http://barbarizmebi.ge

ღონისძიებაზე შეჯამდება ბარბარიზმების წინააღმდეგ მიმართული მაისურების აქცია, რომელიც ოთხი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და რომელშიც ბევრმა მოქალაქემ, პროფესორ-მასწავლებელმა, სტუდენტმა, კურსდამთავრებულმა, სკოლის მოსწავლემ და მასწავლებელმა მიიღო მონაწილეობა. მაისურების აქციის გამარჯვებული მონაწილეები დაჯილდოვდებიან 10 სხვადასხვა ნომინაციაში.  დასასრულს გაიმართება „ბარბარიზმების გადაყრის“ ცერემონია.  
 
ღონისძიების ორგანიზატორია თსუ ლექსიკოგრაფიული ცენტრი და გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის“ რედაქცია.   

მისამართი:ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე

« იხ. ყველა ანონსი