2017-06-23

აკადემიური წერის პროექტის პრეზენტაცია

23 ივნისს, 12.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური წერის განვითარების პროექტის პრეზენტაცია გაიმართება, რომელსაც თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე, თსუ რექტორის მოადგილე მიხეილ ჩხენკელი, „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა  საქართველოში“ (EWMI-PROLoG) პროექტის ხელმძღვანელი გიორგი ჩხეიძე, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე, აკადემიური საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრებიან.

აკადემიური წერის განვითარების პროექტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს, რომლის მიზანია სტუდენტთა შორის აკადემიური წერის სტანდარტების ამაღლება. პრეზენტაციაზე მოხდება მიმართულების პირველი პროექტის - ანა დოლიძის სახელმძღვანელოს „აკადემიური წერა სამართალში“ წარდგენა. სახელმძღვანელო შექმნილია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ მხარდაჭერილი „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ პროგრამის ხელშეწყობით, რომელსაც საქართველოში აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI/PROLoG) ახორციელებს და მისი მიზანია სამართლის სტუდენტებს და ლექტორებს წარუდგინოს სამართალში აკადემიური წერის ძირითადი პრინციპები. აღნიშნული პრინციპები უნივერსალურია და ხელს შეუწყობს ქართველი სტუდენტების აკადემიური ნამუშევრების ჰარმონიზაციას დასავლურ საუნივერსიტეტო სტანდარტებთან.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 107-ე ( ივანე ჯავახიშვილის სახელობის აუდიტორია)


« იხ. ყველა ანონსი