2015-02-12

დავით უსუფაშვილი თსუ-ში „წლის პირველ საჯარო ლექციას“ წაიკითხავს

12 თებერვალს, 12.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშილი წაიკითხავს საჯარო ლექციას „ჩვენი სახელმწიფო“.

დავით უსუფაშვილი ლექციას „წლის პირველი საჯარო ლექციის“ ფარგლებში წაიკითხავს. ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, სტუდენტები, პროფესორები, მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

თსუ-ში „წლის პირველი საჯარო ლექციის“ ჩატარების წესის თანახმად, საჯარო ლექციის გამართვის უფლება ენიჭება უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს - მოქმედ აკადემიურ პერსონალს, უნივერსიტეტის ემერიტუსს, ცნობილ საზოგადო და პოლიტიკურ მოღვაწეს, ხელოვნებისა და კულტურის გამოჩენილ წარმომადგენელს.

საჯარო ლექცია ყოველწლიურად 12 თებერვალს ტარდება. 1918 წელს, სწორედ 12 თებერვალს (ძველი სტილით 30 იანვარი)  წაიკითხა ივანე ჯავახიშვილმა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის პირველი ლექცია “ადამიანის პიროვნება და მისი მნიშვნელობა ძველ ქართულ საისტორიო-საფილოსოფო მწერლობასა და ცხოვრებაში“ (ადამიანი ძველ ქართულ მწერლობასა და ცხოვრებაში).

ღონისძიების ბოლოს, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი დაჯილდოვდება სიგელით „წლის პირველი საჯარო ლექციის“ ჩატარებისთვის. საჯარო ლექციის მონაწილეებს დაურიგდებათ ივანე ჯავახიშვილის ლექციის ბეჭდური ვერსია, რომელიც თსუ გამომცემლობის მიერ დაიბეჭდა.

 
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე
« იხ. ყველა ანონსი