2014-12-16

პროფესორ გურამ კარტოზიას 80 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები თსუ-ში

16 დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება გამოჩენილი ქართველოლოგის, პროფესორ გურამ კარტოზიას 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები.

ღონისძიების ფარგლებში თსუ მუზეუმი აწყობს გამოფენას ( 15:00 საათზე), რომელზეც წარმოდგენილი იქნება პროფესორ გურამ კარტოზიას ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტოები, ჯილდოები, პირადი ნივთები, წერილები, მისი ავტორობით გამოცემული წიგნები ქართველოლოგიის სხვადასხვა დარგში - ქართველური ენების ფონეტიკა-ფონოლოგიაში, გრამატიკასა და ლექსიკოლოგიაში, რუსთველოლოგიასა და ტექსტოლოგიაში, ზეპირსიტყვიერებაში, ლექსიკოგრაფიაში; ასევე,  „ვეფხისტყაოსნის“ აკადემიური ტექსტის დამდგენი კომისიის  მთავარი რედაქციის სხდომათა ოქმების ხელნაწერები (2011-2012 წლებში  გამოიცა ორ წიგნად, რედაქტორი აკად. თამაზ გამყრელიძე), გასული საუკუნის 40-50-იან წლებში და შემდგომ კახეთში, სვანეთში, სამეგრელოსა და ლაზეთში, მათ შორის თურქეთის ლაზეთში, პროფესორ გურამ კარტოზიას მიერ გაკეთებული საექსპედიციო ჩანაწერები, რომელთაგან ნაწილი გამოუქვეყნებელია.

საიუბილეო საღამოზე ( 16:00 საათზე) დაგეგმილია ჟურნალ „ქართველოლოგიის“ (რედაქტორი აკად. მაგალი თოდუა) სპეციალური ნომრის პრეზენტაცია. 

ღონისძიებებს  თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, ქართველი და უცხოელი მეცნიერები, თსუ აკადემიური წრეების წარმომადგენლები, ოჯახის წევრები და  სტუდენტები დაესწრებიან.

ბატონი გურამ კარტოზიას ცხოვრება უკავშირდებოდა როგორც სამეცნიერო, ასევე პედაგოგიურ მოღვაწეობას. ის სხვადასხვა დროს კითხულობდა ლექციებს სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიურ უნივერსიტეტსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ქართველოლოგიის განვითარების დონე მნიშვნელოვნად განსაზღვრა პროფ. გურამ კარტოზიას შემაჯამებელი ხასიათის ნაშრომებმა: ტექსტოლოგიური გამოკვლევები (2004), ლაზური ენა და მისი ადგილი ქართველურ ენათა სისტემაში (2005), რომელიც თარგმნილია გერმანულ ენაზე ცნობილი ქართველოლოგის, ჰაინც ფენრიხის, მიერ და  მეგრულის ლინგვისტური ანალიზი  (2010),  რომელზეც სამეცნიერო პროექტის ფარგლებში  მოწაფეებთან ერთად  იმუშავა.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი,  აუდიტორია №115 (პეტრე  მელიქიშვილის სახელობის  სხდომათა დარბაზი)

« იხ. ყველა ანონსი