2013-11-20

„შემოდგომის ლეგენდა“ - დაჯილდოების საღამო

20 ნოემბერს, 18:30 საათზე სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდა 2013“ დაჯილდოების საღამო გაიმართება. იმპროვიზაციული ტურის 12 მონაწილედან ჟიურის წევრებმა სამი საუკეთესო მოთხრობის ავტორი შეარჩიეს, რომლებიც უნივერსიტეტის მიერ დაწესებულ ფულად პრემიას და კომპანია „ჯეოსელის“ სპეციალურ პრიზებს მიიღებენ. პირველი საპრიზო ადგილის მფლობელი 1000 ლარით და კონკურსის სიმბოლოთი დაჯილდოვდება, მეორე და მესამე ადგილის მფლობელებს კი, შესაბამისად - 700 და 500 ლარი გადაეცემათ. საღამოზე გამოვლინდება საიუბილეო წელთან დაკავშირებული ინიციატივის - ონლაინ ლიტერატურული მარათონის გამარჯვებულიც, რომელსაც კომპანია ჯეოსელი დაასაჩუქრებს.

დაჯილდოების საღამოზე საიუბილეო კრებულის პრეზენტაციაც გაიმართება. ბროშურა 5 წლის განმავლობაში კონკურსის გამარჯვებული ნაშრომებისგან შედგება. კრებულში შესული ნაშრომები ილუსტრირებულია და ავტორების ავტობიოგრაფიაც ახლავს. საიუბილეო გამოცემა დაჯილდოებაზე მოსულ ყველა სტუმარს საჩუქარად გადაეცემა.

სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კომპანია „ჯეოსელის“ ერთობლივი პროექტია, რომლის მიზანიც ნიჭიერი თაობის აღმოჩენა და მათთვის გზის გაკვალვაა.

ლიტერატურული კონკურსი ორ ეტაპად განხორციელდა. I ტურმა სტარტი სწავლის დაწყების დღეს - 16 სექტემბერს აიღო და სამი კვირის განმვალობაში ტარდებოდა. კონკურსში მონაწილეობას თბილისში აკრედიტირებული სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები იღებდნენ. 325 კონკურსანტიდან შიდაშესარჩევმა ჟიურიმ 12 ფინალისტი გამოავლინა. წელს ფინალში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 9 და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 3 სტუდენტი გავიდა. იმპროვიზაციული ტური წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში ჩატარდა. 12-მა კონკურსანტმა ჟიურის მიერ მიწოდებულ თემაზე - „28-ე“, 8 საათის განმავლობაში ახალი ნაშრომები შექმნეს.

მისამართი: გუდიაშვილის ქ. 7,  საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, მესამე კორპუსი

« იხ. ყველა ანონსი